22 ივლისი 2026,   12:13
ვრცლად
ველოდებით მათი მხრიდან გონზე მოსვლას, რომ რეალურად შეაფასონ საქართველოს ხელისუფლების შესაძლებლობები, მოეშვან თავდასხმებს და შანტაჟს - ირაკლი ხელაძე საქართველო-გერმანიის ურთიერთობებზე

რა ეტაპზეა საქართველო-გერმანიის ურთიერთობა - პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ხელაძე მიიჩნევს, რომ ვითარება ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი იმედოვნებს, რომ ბერლინი ქვეყნის შიდა საქმეებში აღარ ჩაერევა.

"ველოდებით მათი მხრიდან გონზე მოსვლას, რომ რეალურად შეაფასონ საქართველოს ხელისუფლების შესაძლებლობები, მოეშვან თავდასხმებს, შანტაჟს. ეს არის უმნიშვნელო ცვლილებები, რაც ისედაც, ნორმალურ პირობებში უნდა ყოფილიყო და უბრუნდება ნელ-ნელა იმ პარტნიორულ ურთიერთობებს, რაც რეალობაში უნდა არსებობდეს, თუმცა ხელშესახები შედეგები ურთიერთობებთან დაკავშირებით გამოჩნდება უფრო შემდგომ პერიოდში," - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ელჩი გერმანიაში, ალექსანდრე კარტოზია, რომელიც აღნიშნულ პოსტზე 10 თვის წინ დაინიშნა, ხვალ გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელებს გადასცემს - ინფორმაციას გერმანიის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პარალელურად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ საიტზე წაშლილია ინფორმაცია, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული.

დღის ამბები