21 ივლისი 2026,   20:53
ვრცლად
პოზიტიური მომენტია, როდესაც ჩვენს ელჩს ექნება შესაძლებლობა, გადასცეს რწმუნებათა სიგელები გერმანიის პრეზიდენტს, იმედი მაქვს, ეს იქნება გერმანიასთან ურთიერთობების პოზიტიური გადატვირთვის შესაძლებლობა - მაკა ბოჭორიშვილი

"პოზიტიური მომენტია, როდესაც ჩვენს ელჩს ექნება შესაძლებლობა, გადასცეს რწმუნებათა სიგელები გერმანიის პრეზიდენტს. მე იმედი მაქვს, რომ ეს იქნება გერმანიასთან ურთიერთობების პოზიტიური გადატვირთვის შესაძლებლობა" - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საუბრობს.

როგორც მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია გერმანიასთან ურთიერთობების ნორმალიზება.

"გერმანია არის მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანა და, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან საყურადღებო და მნიშვნელოვანია გერმანიასთან ურთიერთობების ნორმალიზება, რაც სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში დატვირთული იყო უფრო მეტად უარყოფითი დინამიკით. სხვადასხვა მიზეზებით და მე ამ მიზეზებზე არ ვისაუბრებ, თუმცა, იმედი მაქვს, რომ ელჩის მიერ სიგელების გადაცემა და გერმანიის ახალი ელჩის ჩამობრძანება საქართველოში იქნება შესაძლებლობა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები მოექცეს ნორმალურ ჩარჩოებში და უფრო მეტად განვითარდეს ისე, როგორც სჭირდება ჩვენს ქვეყანასაც და გერმანიასაც," - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

საქართველოს ელჩი გერმანიაში, ალექსანდრე კარტოზია პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს 23-მ ივლისს რწმუნებათა სიგელებს გადასცემს, ინფორმაციას გერმანიის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, "ელჩების აკრედიტაციის" ღონისძიებების ჩამონათვალში ალექსანდრე კარტოზია პირველ ნომრად წერია. კარტოზია ელჩად პირველ ოქტომბერს დაინიშნა. რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ჩანიშვნის პარალელურად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ საიტზე წაიშალა გვერდი, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული.

დღის ამბები