"ჩვენ ვართ აბსოლუტურად მზად და ღია ურთიერთობისთვის და ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი გერმანელ ხალხთან ისტორიული მეგობრობის ბოლომდე აღდგენის" - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე საუბრობს.
დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ ყოფილმა ელჩმა, პეტერ ფიშერმა, თავისი ქმედებებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა გააფუჭა.
"როგორც ხედავთ, ნელ-ნელა საღი აზრი იმარჯვებს გერმანიის ხელისუფლებაში. ის არარსებული ინფორმაცია წაშალეს საიტიდან, თუმცა განახლებულ ჯერ არ არის, როგორც ვიცით. ამავდროულად, ელჩთან მიმართებით შესაბამისი დოკუმენტაციის გადაცემის თარიღიც ჩაინიშნა. ჩვენ ვართ აბსოლუტურად მზად და ღია ურთიერთობისთვის და ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი გერმანელ ხალხთან ისტორიული მეგობრობის ბოლომდე აღდგენის. ის რაც, აქ მოქმედმა გერმანიის ელჩმა თავის დროზე პრაქტიკულად გააფუჭა საკუთარი ქმედებით და მისი მოქმედების ანტიქართული ხასიათით, გვინდა, რომ ეს ყველაფერი აღდგეს. ბურთი გერმანიის მხარეს არის. დავაკვირდებით მოვლენათა განვითარებას, ისე კი საგულისხმოა, რომ ელჩის წასვლა და ამ ინფორმაციის განახლება და შედარებით საღი მიდგომა გერმანიის ხელისუფლების მხრიდან, ერთმანეთს დაემთხვა. ახლა საზოგადოებამ თვითონ გამოიტანოს დასკვნები ამასთან დაკავშირებით," - აცხადებს დავით მათიკაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს ელჩი გერმანიაში, ალექსანდრე კარტოზია პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს 23 ივლისს რწმუნებათა სიგელებს გადასცემს, ინფორმაციას გერმანიის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, "ელჩების აკრედიტაციის" ღონისძიებების ჩამონათვალში ალექსანდრე კარტოზია პირველ ნომრად წერია. კარტოზია ელჩად პირველ ოქტომბერს დაინიშნა.
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ჩანიშვნის პარალელურად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ საიტზე წაიშალა გვერდი, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული.