21 ივლისი 2026,   15:33
ვრცლად
"გვაქვს ინფორმაცია მდინარის კალაპოტების შესახებ, სადაც შეიძლება ხიდებს შეექმნას საფრთხე და იქაც ვაკონტროლებთ სიტუაციას" - "თბილსერვის ჯგუფის" გენერალური დირექტორი

უხვი ნალექი თბილისში - ღამით, ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა დედაქალაქის სხვადასხვა უბანში. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და გზის სავალი ნაწილები. რიგ შემთხვევაში, გაჭირდა გადაადგილება.

მთელი ღამის განმავლობაში, პრობლემურ ტერიტორიებზე მუშაობდნენ "თბილსერვის ჯგუფის" წარმომადგენლები, რომლებიც გაწმენდით სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდნენ. ასევე, მობილიზებულები იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები. ვითარებას პრობლემურ ზონებში ადგილზე გაეცნო თბილისის მერი.

"თბილსერვის ჯგუფის" გენერალური დირექტორის, გიორგი პაპავას განცხადებით, ძლიერი წვიმის შედეგად, პრობლემები თბილისის რამდენიმე მონაკვეთზე შეიქმნა, თუმცა შესაბამისი სამსახურები და სპეციალური ტექნიკა ყველა რაიონში მობილიზებულია და ამირეჯიბის გზატკეცილზე მოძრაობა უკვე აღდგენილია.

"წვიმამ შექმნა გარკვეული პრობლემები კონკრეტულ მონაკვეთებზე. სადაც ქვიშა და მიწის ნაწილი არის ჩამოტანილი, ყველგან, ათივე რაიონში, თბილისში მობილიზებული არიან ჩვენი თანამშრომლები, როგორც ცოცხალი ძალა, ასევე მძიმე სპეციალიზებული ტექნიკა. ამირეჯიბის გზატკეცილზე იყო შექმნილი პრობლემა და ამ ეტაპისთვის ამირეჯიბზეც მოძრაობა აღდგენილია. ასევე, გვაქვს ინფორმაცია მდინარის კალაპოტების შესახებ, სადაც შეიძლება ხიდებს შეექმნას საფრთხე და იქაც ვაკონტროლებთ სიტუაციას“, - აცხადებს "თბილსერვის ჯგუფის” გენერალური დირექტორი გიორგი პაპავა.

დღის ამბები