17 ივლისი 2026,   17:29
ვრცლად
ამ წლების განმავლობაში რაც განიცადა უკრაინამ, ადამიანები რა დღეში არიან და რამდენი ადამიანი დაიღუპა, ამაზე ნიკა გვარამია არ საუბრობს, მხოლოდ თანხებზე საუბრობს - ირაკლი ჭეიშვილი

მმართველი გუნდი ნიკა გვარამიას განცხადებებს ეხმაურება და ოპოზიციას ომის ტრაგედიის იგნორირებასა და მხოლოდ ფინანსურ სარგებელზე ფიქრში ადანაშაულებს. საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი ჭეიშვილის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის მიზანია ქვეყნის საომარ მოქმედებებში ჩართვა, რათა ომის დასრულების შემდეგ საერთაშორისო დახმარების სახით მიღებული მილიარდები საკუთარი კეთილდღეობისთვის გამოიყენონ.

"უკრაინას ტრილიონებს არავინ არ მისცემს, რა თანხებსაც მისცემენ აღდგენაში, მისცემენ მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ. ამ წლების განმავლობაში რაც განიცადა [უკრაინამ] - ადამიანები რა დღეში არიან, რომ დაიცალა ნახევარი უკრაინა, რა პროცესები ვითარდება და რამდენი ადამიანი დაიღუპა უკრაინა-რუსეთის ომში, - ამაზე ნიკა გვარამია არ საუბრობს - მხოლოდ თანხებზე საუბრობს. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ მსგავსი თანხები კიდევ ერთხელ დასჭირდეს საქართველოს, როგორც მოხდა ეს 2008 წელს და როგორ მოხდა ომის დასრულების შემდეგ. სად წავიდა ეს თანხები? - ზუსტად ნიკა გვარამიები და მისნაირი შადიმან ბარათაშვილები იყვნენ მაშინ ხელმძღვანელები ჩვენი ქვეყნის, სამწუხაროდ, და სად წავიდა - მათ კეთილდღეობას მოხმარდა. ეს უნდათ დღეს მათ, რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში, ჩართონ საომარ პროცესებში ქვეყანა და ომის დასრულების შემდეგ მოითხოვონ მილიარდები, და ეს მილიარდები სად განაწილდება, ყველამ კარგად ვიცით - საკუთარი ოჯახის ჯიბეებში", - განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.

ცნობისთვის - აღნიშნული შეფასებები მოჰყვა ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის ამტკიცებდა, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინა აღდგენისთვის ტრილიონობით დაფინანსებას მიიღებს, საქართველო კი დახმარების გარეშე დარჩება. მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ ოპონენტებისთვის ქვეყნის უსაფრთხოება და ადამიანების სიცოცხლე მეორეხარისხოვანია, მთავარ მიზანს კი ფინანსური ინტერესები წარმოადგენს.

დღის ამბები