17 ივლისი 2026,   17:29
ვრცლად
"ერთიანი ნეიტრალური საქართველო": "ქართულ ოცნებას" უნდა ესმოდეს, თუ დაჰყვება არასამთავროთა მოთხოვნებს, ზემოქმედება გაიზრდება. მივიღებთ ვითარებას, როცა მილიონობით ლარი, რომელიც განვითარებას შეიძლება მოხმარდეს, ძაღლების თავშესაფრების აშენებაში დაიხარჯოს

ბათუმში ხელისუფლება აშენებს ძაღლების თავშესაფარს, რომლის საერთო ღირებულება თითქმის 9 მილიონი ლარია. ანუ, 9 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს ბიუჯეტიდან ძაღლების თავშესაფარზე მაშინ, როდესაც მოსახლეობის ნაწილს ელემენტარული საცხოვრებელი პირობები არ აქვს - ამის შესახებ "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" განცხადებაში ვკითხულობთ.

მათ მიაჩნიათ,  რომ ეს, პრობლემის მოგვარების ნაცვლად, ვითარებას ჩიხში შეიყვანს, რადგან ქვეყანაში სხვადასხვა სტატისტიკით 350 000-დან 400 000-მდე მიუსაფარი ძაღლია და საქართველოს ეკონომიკის პირობებში შეუძლებელია ასეთი რაოდენობისთვის თავშესაფრების აშენება.

"ქართულ ოცნებას" უნდა ესმოდეს, რომ თუ ერთხელ დაჰყვება არასამთავროთა მოთხოვნებს, ზემოქმედება კიდევ უფრო გაიზრდება და სახიფათო სპირალში გახვევს ხელისუფლებას. მივიღებთ ვითარებას, როდესაც მილიონობით ლარი, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებას და ჩვენი ხალხის კეთილდღეობას შეიძლება მოხმარდეს, ძაღლების თავშესაფრების აშენებაში დაიხარჯება, თანაც ისე, რომ ამით პრობლემის აღმოფხვრა ვერ მოხდება და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლება გარედან დაქირავებული აგენტურის შანტაჟს დაექვემდებარა. ასევე, მივმართავთ ჩვენს თანამოქალაქეებს, საზოგადოების იმ ნაწილს, რომლებსაც, ჩვენს მსგავსად, ძაღლები ძალიან უყვარს. დაფიქრებულხართ იმაზე, რომ ქუჩებს მოდებული ასიათასობით უპატრონო ძაღლი, რომელთა უმეტესობა დაავადებული და მშიერია, ნელი და მტანჯველი სიკვდილით დაღუპვისთვისაა განწირული, თუკი მათზე არავინ იზრუნებს?

სწორედ ცხოველების მიმართ ჰუმანური დამოკიდებულების გათვალისწინებით გვსურს ამ ადამიანებს დავუსვათ ერთი რელევანტური შეკითხვა: როგორ ფიქრობთ, რა უფრო კეთილშობილურია − ქუჩაში მიტოვებული, შიმშილისთვის განწირული ძაღლი, რომელიც შესაბამისი ზრუნვისა და კვების გარეშე, მაქსიმუმ რამდენიმე კვირას იცოცხლებს, ანუ ცხოველის ნელი, მტანჯველი სიკვდილისთვის გაწირვა, თუ სელექციური ევთანაზიის გამოყენება მაშინ, როდესაც სხვა გამოსავალი არ გვაქვს? მიგვაჩნია, რომ უფრო არაჰუმანური ცხოველის შიმშილით სიკვდილისთვის გაწირვა და ქუჩაში დატოვებაა", - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები