რეგიონული დღის წესრიგი და ორმხრივი პარტნიორობის პერსპექტივები - თურქმენეთის პრეზიდენტი საქართველოში კონკრეტული გზავნილებით ჩამოვიდა. თურქმენ კოლეგას მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის რეზიდენციაში უმასპინძლა. გაიმართა დახვედრის ოფიციალური ცერემონია.
ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრის დროს თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ინვესტიციებსა და ენერგეტიკას. მხარეებმა ისაუბრეს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროებში ურთიერთობების გაძლიერებაზე.
პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და თურქმენეთის პრეზიდენტმა თბილისში ბიზნესფორუმი გახსნეს. ლიდერებმა აქცენტი სავაჭრო პარტნიორობაზე, მზარდ ეკონომიკურ თანამშრომლობასა და ახალი ბიზნესკავშირების ჩამოყალიბებაზე გააკეთეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო და თურქმენეთი რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერების მიმართულებით, საერთო ინტერესებს იზიარებენ.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებაზე საუბრობს თურქმენეთის პრეზიდენტიც. სერდარ ბერდიმუჰამედოვი აქცენტს საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვზე და ტერმინალების განვითარების მიმართულებაზე აკეთებს. მისი განცხადებით თურქმენეთის ინტერესშია რომ ქვეყანამ საქართველოს განვითარების გამოცდილება გაიზიაროს.
კიდევ ერთი მთავარი მიმართულება, რაზეც პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, შუა დერეფნის განვითარების საკითხია. ირაკლი კობაიძე ამბობს, რომ საქართველო განაგრძობს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, რომ შუა დერეფანი უფრო სწრაფი, ეფექტიანი და კონკურენტუნარიანი გახდეს.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციების ორმხრივი შეხვედრებიც გაიმართა. საქართველოს ფინანსთა მინისტრი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ვიცე-პრემიერს ესაუბრა. მხარეებმა აუდიენციის დროს სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის საკითხები და რეგიონული მნიშვნელობის პროექტები განიხილეს.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან დიალოგის დროს აღინიშნა ისიც, რომ თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების წახალისებას. ლევან ჟორჟოლიანისა და თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის წევრების შეხვედრაზეც მთავარი აქცენტი ეკონომიკურ თანამშრომლობაზე გაკეთდა.
თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა საქართველოს კულტურის მინისტრი. მხარეებმა ქვეყნებს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და თურქმენეთის კულტურის სამინისტროსა და ინსტიტუციებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმებზე ხელის მოწერის საკითხებს.
საქართველო-თურქმენეთის ბიზნესფორუმის ფარგლებში, დღის ბოლოს თურქმენული კომპანიების გამოფენა გაიმართა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ თურქმენეთის წარმოების, მრეწველობისა და ექსპორტზე ორიენტირებული სექტორების მრავალფეროვნებას.
თურქმენეთის პრეზიდენტი თბილისს ხვალ დატოვებს. მანამდე კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სერდარ ბერდი მუჰამედოვთან პირისპირ შეხვედრას გამართავს.