11 ივლისი 2026,   12:57
ვრცლად
"უმძიმესი პროვოკაცია იქნა აღკვეთილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 4 ოქტომბრის ცნობილი მოვლენების დროს" - დავით მათიკაშვილი

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აქტიური ძალისხმევით იქნა დაკავებული კიდევ 1 ეჭვმიტანილი პირი, ვისგანაც გამომდინარეობდა საფრთხე, როგორც ამას საგამოძიებო ორგანო ადგენს და რაც იყო მიმართული სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ" - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა, 4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ ერთი დაკავებულის შესახებ საუბრისას განაცხადა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველო-სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს შორის ნეიტრალურ ზონაში, საქართველოს ძებნილი მოქალაქე დააკავა.  

"უმძიმესი პროვოკაცია იქნა აღკვეთილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 4 ოქტომბრის ცნობილი მოვლენების დროს, მაშინ, როდესაც იყო ნაპოვნი გადამალული იარაღი, რომელიც გამოყენებული უნდა ყოფილიყო იმ შემთხვევაში, თუკი მოძალადეები ასე ჩათვლიდნენ საჭიროდ. ვის მიმართ მოხდებოდა იარაღის გამოყენება, ადვილი წარმოსადგენია. სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აქტიური ძალისხმევით იქნა დაკავებული კიდევ 1 ეჭვმიტანილი პირი, ვისგანაც გამომდინარეობდა საფრთხე, როგორც ამას საგამოძიებო ორგანო ადგენს და რაც იყო მიმართული სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ. ჩვენ კარგად დავინახეთ რაც 4 ოქტომბერს ჩაიდინეს რადიკალებმა, როგორ მოაწყვეს შტურმი პრეზიდენტის სასახლეზე, როგორ უნდოდათ გადატრიალება მოეწყოთ და ამაში ისინი აქტიურად გამოიყენებდნენ, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლ იარაღსაც, თუკი ამის საშუალება მიეცემოდათ", - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

ავტორი: ნანა გოგატაძე 

დღის ამბები