07 ივლისი 2026,   15:51
ვრცლად
"სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება კანონით დაცულ უფლებას წარმოადგენს, თუმცა ეს არ არის აბსოლიტური უფლება და შეიძლება შეიზღუდოს" - სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა ინა დადუნაშვილის საქმე, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა თენგიზ ჭანტურიძეს. პროცესი რამდენიმე დღით გადაიდო.

დღესვე, ქუთაისის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს დავით სვანაძის საქმეზე, რომელმაც შეურაცხყოფა კახა კალაძეს მიაყენა.

სიძულვილის ენის სამმართველოში, ამ დროისთვის, 200-სადმე სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტია იდენტიფიცირებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტი ნათია გიგლემიანი განმარტავს, რომ აზრის გამოხატვის თავისუფლება კანონით დაცულ უფლებას წარმოადგენს, თუმცა ის შეიძლება შეიზღუდოს.

"ინა დადუნაშვილის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგენილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 106-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვინაიდან მან საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა მიაყენა ბატონ თენგიზ ჭანტურიძეს.

აღნიშნული ფაქტი დაიდენტიფიცირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი სამმართველოს მიერ, ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება და საქმის მასალები გადმოიგზავნა საქალაქო სასამართლოში. აღნიშნულმა პიროვნებამ თავადვე აღიარა დანაშაულის ჩადენის ფაქტი და ის, რომ კომენტარი მის მიერ იყო დაწერილი.

სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება კანონით დაცულ უფლებას წარმოადგენს, თუმცა ეს არ არსი აბსოლიტური უფლება და შეიძლება შეიზღუდოს კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც კომენტარი ცდება გამოხატვის თავისუფლებას და შეიცავს მიზანმიმართულ შეურაცხყოფას კონკრეტული პირებისა და იდენტიფიცირებადი ჯგუფის მიმართ, ხდება აღნიშნული ფაქტების იდენტიფიცირება, გამოვლენა და ადმინისტრაციული წარმოების დაწყება", - განაცხადა ნათია გიგლემიანმა.

დღის ამბები