30 ივნისი 2026,   04:06
ვრცლად
ურთიერთთანამშრომლობის ახალი ეტაპი - პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთში

საქართველოსა და ყაზახეთს შორის ურთიერთთანამშრომლობის ახალი ეტაპი - ერთობლივი დეკლარაცია, რომელიც ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას ითვალისწინებს, ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა მოაწერეს. უმაღლესი დონის შეთანხმება იქნება ახალი იმპულსი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თუ კულტურული კავშირების განვითარებისთვის.

ისტორიულ შეთანხმებას წინ უძღოდა ორი ქვეყნის ლიდერის პირისპირ შეხვედრა. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ყაზახეთის პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის სასახლეში უმასპინძლა. სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება ერთ-ერთი ძირითადი საკითხი იყო, რაზეც ირაკლი კობახიძემ და კასიმ ჟომარტ ტოკაევმა, პირისპირ შეხვედრის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს. საქართველო ყაზახეთისთვის უალტერნატივო კარიბჭეა. სწორედ შუა დერეფანი აძლევს საშუალებას ცენტრალური აზიის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ მოთამაშეს, საკუთარი მდიდარი ენერგო რესურსი გლობალურ ბაზარზე გაიტანოს. შედეგად, საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლი და ფუნქცია კიდევ უფრო მეტად იზრდება.

პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ, ირაკლი კობახიძესა და კასიმ ჟომარტ ტოკაევს შორის საუბარი გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის პოლიტიკური დიალოგის პერსპექტივები განახილეს და იმ ისტორიულ და კულტურულ კავშირებზე გაამახვილეს ყურადღება, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს. მოლაპარაკებებს ორივე ქვეყნების მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

კასიმ ჟომარტ ტოკაემა ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის საპატიო ორდენით დააჯილდოვა. მთავრობის მეთაურს ჯილდო ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა. ყაზახეთის პრეზიდენტმა აქცენტი იმ რეფორმებზე გააკეთა, რომელიც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში გაატარა.

ირაკლი კობახიძე ასტანას დელეგაციასთან ერთად სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი ყაზახ კოლეგას შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და ყოვლისმომცველ თანამშრომლობას. ასევე, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტურიზმის სფეროებში. 

ირაკლი კობახიძე ყაზახეთს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სტუმრობს. ასტანის საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურს ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრი დახვდა. დახვედრის ოფიციალური ცერემონია კი დამოუკიდებლობის სასახლეში გაიმართა. ირაკლი კობახიძე ხვალ ყაზახ კოლეგას შეხვდება.

დღის ამბები