24 ივნისი 2026,   22:13
ვრცლად
საქართველოში სახიფათო ნარჩენების პირველი ნაგავსაყრელის მოწყობისთვის საჭირო პროცედურები მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა მიხეილ გოგოლიძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ლაშა ინაურთან და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან ერთად, სახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მოსაწყობად შერჩეული ორი პოტენციური ტერიტორია და იალღუჯას მთაზე მდებარე ქიმიური ნარჩენების განთავსების ყოფილი ტერიტორია დაათვალიერა.

დღეისათვის საქართველოში სახიფათო ნარჩენების მოქმედი ნაგავსაყრელი არ არსებობს. მსოფლიო ბანკის დელეგაციის ვიზიტის მიზანი სახიფათო ნარჩენების მართვის სფეროში არსებული მდგომარეობის შეფასება, გამოწვევების ანალიზი და საინვესტიციო შესაძლებლობების გამოვლენაა.

მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორის განცხადებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყანაში შეიქმნა შესაბამისი საკანონმდებლო და მარეგულირებელი ბაზა, რომელიც სახიფათო ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვას შეუწყობს ხელს.

„ნარჩენების მართვის 2016–2030 წლების ეროვნული სტრატეგია და ეროვნული სამოქმედო გეგმა განსაზღვრავს სახიფათო ნარჩენების მართვის სფეროში არსებული საჭიროებებისა და პრიორიტეტების გადაწყვეტის გზებს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში შექმნილი საკანონმდებლო ჩარჩო და მარეგულირებელი ბაზა, მათ შორის სახიფათო ნარჩენების მართვის მიმართულებით, ხელს შეუწყობს ქვეყანაში თანამედროვე სტანდარტების დანერგვას“, - განაცხადა მიხეილ გოგოლიძემ.

საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელის მოსაწყობად საჭირო ღონისძიებების განხორციელება და შემდგომში მისი ექსპლუატაცია-მოვლა საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას დაევალა.

 

დღის ამბები