24 ივნისი 2026,   01:16
ვრცლად
ტრამპი აცხადებს, რომ ირანი ბირთვული შემოწმებების "განუსაზღვრელი ვადით" ჩატარებას დათანხმდა

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ ირანი განუსაზღვრელი ვადით დათანხმდა "ბირთვული იარაღის უმაღლესი დონის შემოწმებებს", თუმცა თეირანი აცხადებს, რომ გაეროს ბირთვული იარაღის ზედამხედველობის ორგანოსთან მისი დამოკიდებულება არ შეცვლილა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

"ირანი სრულად და უპირობოდ დათანხმდა ბირთვული ინსპექტირების უმაღლეს დონეზე ჩატარებას ხანგრძლივი ვადით (უსასრულოდ!!!). ეს უზრუნველყოფს "ბირთვულ სამართლიანობას". თუ ისინი ამაზე არ დათანხმდებოდნენ, შემდგომი მოლაპარაკებები არ იქნებოდა", - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

მედიის ინფორმაციით, შვეიცარიაში შაბათ-კვირას დაწყებული მოლაპარაკებების სტატუსის შესახებ, ტრამპის მიერ გაკეთებული ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების ახალი ტალღა იყო. ორშაბათს, ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ. ვენსმა განაცხადა, რომ მიღწეულ იქნა "მნიშვნელოვანი ეტაპი", როდესაც ირანი ქვეყანაში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორების შეშვებას დათანხმდა.

თუმცა, ვენსს არ დაუკონკრეტებია, თუ რა სახის წვდომა მიენიჭებოდათ მათ. რამდენიმე საათის შემდეგ, თეირანმა განაცხადა, რომ გაეროს ბირთვული ენერგიის მარეგულირებელ ორგანოსთან თანამშრომლობა "არსებული პროცედურების ფარგლებში" გაგრძელდება.

ამასთან, თავის დღევანდელ განცხადებაში ტრამპმა დაადასტურა, რომ აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა მოხსნილი დარჩება, რაც ირანთან გასულ კვირას ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის ერთ-ერთი დებულება იყო.

ტრამპი ასევე ამტკიცებს, ირანისთვის შეთავაზებულ ნებისმიერ ფინანსურ დახმარებას გარკვეული პირობები მოჰყვება. კერძოდ: ტრამპის თქმით, გამოთავისუფლებული თანხები გამოყენებული იქნება საკვებისა და მედიკამენტების ექსკლუზიურად შეერთებული შტატებიდან შესაძენად, მათ შორის, სიმინდის, ხორბლისა და სოიოს შესაძენად.

"ეს ზუსტად ისაა, რაც ირანს განსაკუთრებით სჭირდება. ეს ჰუმანიტარული კრიზისია და მე მჯერა, რომ აუცილებელია დახმარება ახლა მოხდეს, სანამ ძალიან გვიან არ არის. მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს!" - წერს ტრამპი.

დღის ამბები