15 ივნისი 2026,   16:34
ვრცლად
ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვა თქვეს, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით ბრალდების მხარის პოზიცია უცვლელია - თამარ იაკობიძე 4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების დროს დაკავებულებზე

4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების ერთ-ერთ ეპიზოდზე ბრალდებული პირების საქმეზე, რომელთაც ბრალი არ აღიარეს და საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმდათ, განაჩენი სავარაუდოდ 22 ივნისს გამოცხადდება.

დღევანდელ პროცესზე დაკავებულებმა დასკვნითი სიტყვა თქვეს. ამ კონკრეტულ ეპიზოდზე სულ 14 პირი იყო ბრალდებული, მათგან ექვსს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ისინი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

"დღეს გადავედით უკვე საბოლოო სიტყვაზე. ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვა თქვეს, წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო ზურაბ ჭავჭანიძე, რომელიც არ იყო, შესაბამისად, მან ვერ თქვა საბოლოო სიტყვა, თუმცა სასამართლომ განმარტა, რომ მომდევნო სხდომაზე მოწვეული იქნება და ისარგებლებს სურვილის მიხედვით საბოლოო სიტყვით," - აცხადებს ადვოკატი.

საქმის პროკურორის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეზე წარდგენილი არაერთი მტკიცებულებით, ლოგიკურია, რომ ბრალდების მხარეს გამამტყუნებელი განაჩენის გონივრული მოლოდინი გააჩნია. 

"რაც შეეხება განაჩენს, სისხლის სამართლის საქმეზე წარდგენილი არაერთი მტკიცებულებით, მათი შეფასებით, ლოგიკურია, რომ ბრალდების მხარეს გააჩნია გონივრული მოლოდინი გამამტყუნებელი განაჩენის, ბრალად წარდგენილ ქმედებაში. ამ შემთხვევაში, ბრალად წარდგენილი ქმედება არის როგორც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, ასევე სტრატეგიული ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობა. საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, ბრალდების მხარის პოზიცია უცვლელია. თუკი ბრალდებულები ბრალდების მხარეს მომართავენ, ამ შემთხვევაში ინდივიდუალურად ხდება საპროცესო შეთანხმების განხილვა," - აცხადებს პროკურორი თამარ იაკობიძე. 

გამოძიება ბრალდებულებს ედავება სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდებას და ჯგუფურ ძალადობას. საქმეზე საერთო ჯამში სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში 64 პირი მიეცა. ამ ეტაპზე, პროკურატურას აღიარებით 22 პირმა მიმართა მათ 3 წლით საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.

დღის ამბები