12 ივნისი 2026,   19:01
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი: გაქცეული გახარია საკუთარი პარტიის წევრებს გარედან დასცინის

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარტია "საქართველოსთვის" მიერ "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ცვლილებების განხორციელების ინიციატივას ეხმაურება.

პაპუაშვილის თქმით, გასაკვირია, რომ გიორგი გახარიას გუნდი სწორედ იმ თემებს აყენებს დღის წესრიგში, რაც პირდაპირ უკავშირდება მათ ლიდერს და 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების დროს მის პასუხისმგებლობას.

"მგონი, ეს ხალხი, რომელიც დღეს პარტია "საქართველოსთვის" სახელით პარლამენტში არის, უნდა დაფიქრდეს და მიხვდნენ, რომ, ჩემი აზრით, გაქცეული გახარია უბრალოდ გარედან დასცინის მათ, ისეთ თემებს წამოაწევინებს, რომლითაც საკუთარ თავს აზიანებენ. ამას წინათ დააინიციირეს დემონსტრაციებთან დაკავშირებით რაღაც საკითხი, რომელზეც უპირველეს ყოვლისა მათ ეხება, მათ ხელმძღვანელს, რომელიც დღეს გაქცეულია იმ გამოძიებისგან, რომელიც ეხება ძალადობას დემონსტრანტების წინააღმდეგ.

გიორგი გახარია მხილებულია, რომ სწორედ ის ტრაგიკული შემთხვევები, რაც მოხდა დემონსტრაციის დაშლისას, მისი ხელმძღვანელობით მოხდა. ამ საკითხზე მიმდინარეობს სასამართლო გამოძიება და გაქცეულია ეს ადამიანი. მაინცდამაინც ამ საკითხებს რატომ აყენებენ ეს ადამიანები, არ ვიცი. არაერთხელ ითქვა, რომ ამ შემთხვევაშიც, მხოლოდ საკუთარ თავს აზიანებენ. ჩემი აზრით, ცოტა იმაზეც უნდა დაფიქრდნენ, რომ გახარია გარედან დასცინის საკუთარი პარტიის წევრებს", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები