11 ივნისი 2026,   23:06
ვრცლად
დაშლილი ალიანსი და რღვევა "ენმ-ში" - სააკაშვილი ციხიდან პარტიაში რევოლუციურ ცვლილებებს გეგმავს

მიხეილ სააკაშვილმა რადიკალური ცვლილებები ციხიდან უკვე დააანონსა, ნდობა და მანდატი არა პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს, არამედ სხვას  ნანუკა ჟორჟოლიანს გადაულოცა, წამზომის ჩასართავად კი დროც საგანგებოდ შეარჩია.

ივნისის ბოლოს "ნაციონალური მოძრაობის"  ხელმძღვანელ ბოკუჩავას, გენერალურ და აღმასრულებელ მდივნებს, მთელს პოლიტსაბჭოს  ყველას ვადა ეწურება. სააკაშვილის ძველი შემადგენლობა, რომელიც ახლა რუსთავის ციხიდან გამოსამშვიდობებელ წერილს ელოდება, ვერ უარყოფს, რომ მალე მათი პარტიის მართვის სადავეები შესაძლოა, მსჯავრდებულის ახალ ფავორიტს გადაეცეს.

ანა წითლიძე, რომ ერთადერთი არ იქნება, ეს თავად ნანუკა ჟორჟოლიანმაც დაადასტურა. ერთ-ერთ მედიასთან ინტერვიუში თქვა, რომ სააკაშვილისგან პარტიის ხელმძღვანელობისა და თინა ბოკუჩავას ჩანაცვლების შეთავაზება უკვე მიიღო.

უარის, თანხმობით შეცვლამდე რომ ერთი ნაბიჯია - კარგად იციან "ნაციონალურ მოძრაობაში". ამიტომ, პოზიციების დაკარგვამდე სააკაშვილის ახალ რჩეულს გამაფრთხილებელი სიგნალი დღეს უკვე გაუგზავნეს. ღიად უთხრეს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არა თავად ჟორჟოლიანი, არამედ მოქმედი შემადგენლობაა.

არც კლუბია და როგორც ამტკიცებენ, არც ფურცლის ორგანიზაცია - თუმცა უკვე დაშლილი ოპოზიციური ერთობა, რომ მხოლოდ ხელმოწერილ დოკუმენტად დარჩა ეს ფაქტობრივი მოცემულობაა. ერთადერთი პასუხისმგებელი კი გვარამიასთვის, თავდასხმების მთავარი ინიციატორი ნაციონალური მოძრაობა.

თავდასხმები და ბრალდებები ორმხრივია, თუმცა სააკაშვილის პოლიტიკურ ქადაგებას აყოლილი "ნაციონალები" ირწმუნებიან, რომ ოპოზიციური ერთობა პოლიტიკურ უფსკრულამდე, მათი ყოფილი თანაგუნდელების ბოღმამ მიიყვანა.

"ნაციონალებს" დღეს ძველებით დაკომპლექტებული "ახლებიდან" უთხრეს, რომ ორკესტრირებული თავდასხმების შემდეგ, მათ გვერდით ყოფნას არც იძულებით, არც ხელის გადაგრეხით და აღარც საქმის გარჩევებით გეგმავენ.

სახელისუფლებო გუნდი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციური პარტიები მორიგი პოლიტიკური განქორწინების შემდეგ, თვითლიკვიდაციამდეც ლოგიკურად მივლენ. ამაზე მეტყველებს შიდა გავლენებისთვის ბრძოლაც, ყოფილ და მოქმედ "ნაციონალებს" შორის, სადაც მმართველი გუნდის აზრით პოლიტიკური რესურსი საბოლოოდ ამოწურეს.

"ნაციონალური მოძრაობის" დაშლის წინაპირობა შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის მორიგი დირექტივა გახდეს, რომელიც მან გუშინ ციხიდან გასცა და წევრებს სოციალური ქსელით შეატყობინა, რომ რევოლუციურ ცვლილებებს გეგმავს და "ნაციონალური მოძრაობის" რიგებს ნანუკა ჟორჟოლიანი უნდა შეუერთდეს.

დღის ამბები