11 ივნისი 2026,   01:34
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი: ზოგიერთი ამერიკელისგან გვსმენია, რომ სერიოზულად არ შევხედოთ ბატონ უილსონს, ვცდილობთ. საბავშვო ბაღში იარაღის ლეგალიზაციას ითხოვს, რა მოვთხოვოთ საქართველოსთან დაკავშირებით?

ზოგიერთი ამერიკელისგან გვსმენია, რომ სერიოზულად არ შევხედოთ ბატონ უილსონს და აქ ამთავრებენ ხოლმე მასზე საუბარს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, სუფთა პროპაგანდის პირველი გაკვეთილი რაც არის, რომ ტყუილი უნდა იყოს რაც შეიძლება აბსურდული, რაც შეიძლება დიდი, რომ ის დააჯერო სხვას, რათა იფიქროს ადამიანმა, რომ ასეთ ტყუილს ხომ არ იტყოდა.

„პარლამენტში მაქვს ხოლმე ჟურნალისტებთან ურთიერთობა, სხვადასხვა ტელევიზიის წარმომადგენლები არიან ხოლმე. მათ შორის ის ტელევიზიები, რომლებიც ამ ფორმულაზე - რუსულ, სპარსულ, ჩინურ და ასეთ კავშირებზე საუბრობენ ხოლმე. იქაც როდესაც ვეკითხები, გჯერათ? - ყველას ეცინება. ყველა ხვდება რა აბსურდთან გვაქვს საქმე. სუფთა პროპაგანდის პირველი გაკვეთილი რაც არის, რომ ტყუილი უნდა იყოს რაც შეიძლება აბსურდული, რაც შეიძლება დიდი, რომ ის დააჯერო სხვას, რათა იფიქროს ადამიანმა, რომ ასეთ ტყუილს ხომ არ იტყოდა.

ყველამ იცის ამ ქვეყანაშიც და ქვეყნის მიღმაც, რომ ტყუილია ნებისმიერ რუსულ-ირანულ-ჩინურ კონსპირაციაზე საუბარი.

მეორე საკითხია რისთვის არის საჭირო ეს ტყუილი. ვხედავთ თან, ერთი ადამიანია მართლა აკვიატებით, არ ეზარება თან ამ ადამიანს. არ ეზარება ამ კაცს, ერთი და იგივე დაზუთხულ ფრაზას იმეორებს, რომ ჩაგაჭედოს თავში, მეხსიერებაში მაინცდამაინც ეს ფრაზა. ამიტომ, ახსნა რა არის. ახსნა, ერთი ეს არის კორუფცია და ჩვენ ვნახეთ, რომ ბატონი უილსონი სხვადასხვა ლობისტურ ანგარიშებში, მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებით. ფული, როგორც ინტერესი. მეორე, ესენი არიან ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც საქართველოში სურთ არეულობა და ხელისუფლების ჩანაცვლება სწორედ „ნაცმოძრაობის“ იდეოლოგიის მატარებელი ჯგუფისგან და მესამე, ეს არის უბრალოდ აკვიატება. შეიძლება ადამიანს უბრალოდ აქვს ასეთი ემოციური მდგომარეობა, რომ აქვს აკვიატება. აქედან არცერთი ახსნა ალბათ კარგი არ არის, მაგრამ მე ვამჯობინებდი მაინც, რომ დავაბრალოთ აკვიატებას.

სიმართლე გითხრათ, ზოგიერთი ამერიკელისგან გვსმენია, რომ სერიოზულად არ შევხედოთ ბატონ უილსონს და აქ ამთავრებენ ხოლმე მასზე საუბარს. ასე, რომ ჩვენც ვცდილობთ ხოლმე სერიოზულად არ შევხედოთ. ადამიანი, რომელიც საბავშვო ბაღში იარაღის ლეგალიზაციას ითხოვს, რა მოვთხოვოთ ამ ადამიანს საქართველოსთან დაკავშირებით. ბრძნული განცხადებების გაკეთება?

ასე, რომ კიდევ ერთხელ, შევხედოთ ამ ყველაფერს როგორც აკვიატებას. თან პირველი ხომ არ არის? მერამდენე სერია უნდა შემოგვთავაზოს ამ ადამიანმა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

შეერთებულმა შტატების წარმომადგენელთა პალატამ „კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“ მიიღო. კონგრესმენების ჯო უილსონისა და სტივ კოენის მიერ წარდგენილ დოკუმენტი საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივობების შესახებ ანგარიშის წარდგენას ითხოვს.

დღის ამბები