საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა, რომლის მომავლის განსაზღვრის უფლება მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთვნის, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.
შალვა პაპუაშვილი ხელისუფლების მისამართით ოპოზიციური ალიანსს ბრალდებებს ბრიფინგით გამოეხმაურა. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ოპოზიციური გაერთიანების ლიდერების ნარატივი რეალობას აცდენილია და ისინი ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ, რომ ქვეყნის ამოცანა არა ეროვნული ინტერესების დაცვა, არამედ სხვა სახელმწიფოების ინტერესების გატარება უნდა იყოს.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის თქმით, ოპოზიციის მთავარი მოტივაცია და ამოსავალი წერტილი საკუთარი ქვეყნის ინტერესები კი არა, უცხოურ დედაქალაქებში თავის მოწონება, შექების დამსახურება და საკუთარი ეგოს დაკმაყოფილებაა, რასაც, მისივე შეფასებით, წარსულში ქვეყნისთვის დამანგრეველი შედეგები მოჰქონდა.
ლევან მახაშვილი ოპოზიციის აქტივობებსა და ბრალდებებს განიხილავს, როგორც სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ მორიგ, მიზანმიმართულ კამპანიას.
"საზოგადოება აკვირდება სახელმწიფოს მიმართ ახალი შეტევის საზაფხულო სერიას. ჩვენ ვხედავთ პოლიტიკურ სპექტრს, ქართული პოლიტიკური პარტიების სპექტრს, რომლებსაც სრულად აღრეული აქვთ საკუთარი და სხვისი. საკუთარი სახელმწიფო და უცხო სახელმწიფო. სრული პოლიტიკური დომხალია ამ ინტერესებში და ვერც კი გაუთვითცნობიერებიათ, რომ საკუთარი სახელმწიფოს ინტერესები არის უპირატესი. ყველაზე რთულ, ყველაზე საჭირო დროს, ნაცვლად იმისა, რომ ისინი დამდგარიყვნენ საქართველოს, საზოგადოების მხარეს, დადგნენ სხვების მხარეს. მათ ამოსავალი წერტილი არ არის საქართველოს ეროვნული ინტერესები, მათ ამოსავალი წერტილი არის, რომ ნამდვილად ვიღაცას თავი მოაწონონ, ვიღაცამ წითელი ხალიჩა დაუგოს, ვიღაცამ ხელი ჩამოართვას, ვიღაცამ რომელიმე დედაქალაქში მიიღოს, შეაქოს და თავზე ხელი მოუთათუნოს. ეს არის მათ მთავარი ამოსავალი წერტილი. როგორც ჩანს, ამით იკმაყოფილებენ საკუთარ ეგოს იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში რაც ვნახეთ, ამ სტრატეგიამ, მიდგომამ საქართველოსთვის მოიტანა დამანგრეველი შედეგები", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.