სერიოზული შენიშვნები იყო ხარისხზე, როცა კონკრეტული კერძო კომპანიები აწარმოებდნენ შესაბამის სამუშაოებს, გვინდა, შევქმნათ ახალი რესურსი სახელმწიფო კომპანიის სახით, რომელიც ხარისხსაც უზრუნველყოფს და ამ კომპანიის შექმნა, თავისი სპეცტექნიკით, მოგვცემს საშუალებას, ეფექტურად და სწრაფად გავუმკლავდეთ სტიქიასთან დაკავშირებულ მოვლენებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მოვლა-შენახვისთვის ახალი სახელმწიფო კომპანიის შექმნაზე საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფო კომპანიის შექმნას ასევე ექნება მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტი - სტიქიასთან დაკავშირებულ მოვლენებთან ეფექტურად გამკლავების მიმართულებით.
"სერიოზული შენიშვნები იყო ხარისხთან დაკავშირებით, როდესაც კონკრეტული კერძო კომპანიები აწარმოებდნენ შესაბამის სამუშაოებს. ჩვენ გვინდა, შევქმნათ ახალი რესურსი სახელმწიფო კომპანიის სახით, რომელიც ხარისხსაც უზრუნველყოფს, ეს არის ერთი ამოცანა და ამას ექნება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტი - ჩვენ გვჭირდება ხოლმე სპეცტექნიკის მობილიზება, რესურსების მობილიზება სტიქიური მოვლენების დროს და ამ კომპანიის შექმნა, თავისი სპეცტექნიკით, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ჩვენ ეფექტურად და სწრაფად გავუმკლავდეთ სტიქიასთან დაკავშირებულ მოვლენებს, ასეთის არსებობის შემთხვევებში", - აღნიშნა პრემიერმა.