10 ივნისი 2026,   10:41
ვრცლად
მორჩეს "ნაციონალური მოძრაობა" საკუთარი თავისგან მსხვერპლის ძერწვას... რაში სჭირდება გარიცხვა იმას, რაც ფიგურანტი არ არის - ნიკა გვარამია ოპოზიციური ალიანსში ენმ-ს ყოფნაზე

ყოფილ და მოქმედ "ნაციონალებს" შორის დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები გრძელდება. მორიგი დაპირისპირების მიზეზი, ამჯერად ოპოზიციური ალიანსის დაშლაა.

ანი წითლიძის განმარტებით, "ნაციონალურ მოძრაობას" ალიანსი არ დაუტოვებია და "ფედერალისტების" ლიდერი ჩერგოლეიშვილი თავად ცდილობს ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღებას.

წითლიძეს გამოეხმაურა ნიკა გვარამიაც. მისი შეფასებით, სააკაშვილის პარტია თვენახევარია პარტიების სამუშაო პროცესში აღარ მონაწილეობს.

როგორც გვარამია ამბობს, "ნაციონალური მოძრაობა" უნდა მორჩეს მსხვერპლის როლის ძერწვას.

"რაც არ მომხდარა იმას ჰყვებოდა რესპონდენტი ცოტა ხნის წინ. სამარცხვინო ტყუილებს, რომ მე ვიღაცაზე გავაკეთე თურმე კაპიტალიზაცია. არა, მე დღედაღამ მუშაობით მივაღწიე ძალიან ბევრ რამეს. სააკაშვილმა გამიხსნა გზა ბევრ რამეში, მაგრამ აქ ვინც იყო, იმასაც და სხვებსაც გაუხსნა სააკაშვილმა გზა და ამ ფურთხებისა და ბირჟაზე მდგარი, "სემიჩკის" მჭამელი პოლიტიკოსის რანგს ვერ გაცდა ასეთი ხალხი.

ჩემთან დაკავშირებით ეს ახალია ამბავი არ არის. სამწუხაროდ, "ნაციონალური მოძრაობა" ტერმინოლოგიითაც შეუერთდა "ქართულ ოცნებას", მაგალითად როგორიც არის ქათამი, ნიკუტა და ა.შ. მორჩეს "ნაციონალური მოძრაობა" საკუთარი თავისგან მსხვერპლის ძერწვას. ისედაც უმძიმესი გამოცდები გაიარა ამ პარტიამ. ყველა თავმჯდომარის დროს, რომელთა უდიდესი ნაწილი, ახლა წევრიც კი აღარ არის - ეს პარტიაზეც მეტყველებს, არა მხოლოდ თავმჯდომარეებზე. 

თუ პარტია არცერთ სხდომაზე არ დადის, ბოლო თვენახევარია არცერთი გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობას არ იღებს, მიტინგთან დაკავშირებით ფეხი არ გადაუდგამს გარდა იმისა, რომ სცენაზე გამოსვლა მოითხოვა ბოლო მომენტში. მეორე დღიდანვე, როგორც კი დიდი აქცია დაინახა, ერთადერთი შეტევის ობიექტი გავხდით - არის თუ არა წევრი ახლა თქვენ მიპასუხეთ. რაში სჭირდება გარიცხვა იმას, რაც ფიგურანტი არ არის", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური ალიანსის დაშლის საკითხზე ინფორმაცია თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში გუშინ გაავრცელა.

დღის ამბები