4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით, დანაშაული კიდევ 8 ბრალდებულმა აღიარა. საქმის პროკურორის განცხადებით, დაკავებულებმა, აღიარებასთან ერთად, დანაშაული მოინანიეს, რის გამოც, მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება.
საქმის ფარგლებში, პასუხისგებაში მიცემული 64 პირიდან, სახელმწიფო ბრალდებას 21-მა უკვე მიმართა აღიარებით და საპროცესო შეთანხმება ითხოვა. მათ გაუფორმდებათ შეთანხმება სამი წლით პირობით მსჯავრზე.
დაკავებულებს პროკურატურა, 4 ოქტომბერს, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებას, ბლოკირების მცდელობასა და ჯგუფურ ძალადობას ედავება.
"აღნიშნულ საქმეზე პასუხისგებაში მიცემული 12 პირიდან, პროკურატურას განცხადებით მიმართა 8 ბრალდებულმა და ითხოვა საპროცესო შეთანხმების გაფორმება. გამომდინარე იქიდან, რომ 8-ვე ბრალდებული სრულად აღიარებს და ინანიებს მათთვის ბრალად შერაცხილ დანაშაულს, სახელმწიფო ბრალდებამ გამოთქვა მზაობა და თანხმობა საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე. შესაბამისად, დღევანდელი სხდომის დაწყებამდე, მხარეთა შორის მოხდება შესაბამისი საპროცესო დოკუმენტაციის გაფორმება და ხელმოწერა, რის შემდგომაც, სახელმწიფო ბრალდება მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით, სისხლის სამართლის საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფის შესახებ. აღნიშნულის შემდგომ, არაუგვიანეს 15 დღისა, ცალკე წარმოებად გამოყოფილი საქმის ფარგლებში, სასამართლო იმსჯელებს. წინა სხდომაზე, საპროცესო შეთანხმების თაობაზე განცხადებით პროკურატურას მომართა 7-მა ბრალდებულმა. თუმცა, აღნიშნული სხდომის შემდგომ, ერთ-ერთმა ბრალდებულმა, კერძოდ ვახტანგ ფიცხელაურმაც ითხოვა საპროცესო შეთანხმების გაფორმება, წარმოადგინა შესაბამისი განცხადება, სადაც იგი სრულად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს", - განაცხადა პროკურორმა ლაშა ცხვიტარიამ.