09 ივნისი 2026,   00:23
ვრცლად
პრემიერი: თავიდანვე ვუთხარით გუნდის წევრებს, რომ ჩვენი პროგნოზით, ორ ქვეყანას მიანიჭებდნენ კანდიდატის სტატუსს, საქართველოს არა და ეს იქნებოდა გამოყენებული, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი საქართველოს წინააღმდეგ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში 2022 წელს განვითარებულ მოვლენებსა და ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ პოლიტიკურ კონტექსტზე ისაუბრა. მთავრობის მეთაურის თქმით, უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე განაცხადის დაჩქარებულად შეთავაზება თავიდანვე არალოგიკური იყო და საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენეს.

"ჩვენ გვქონდა ასეთი მოცემულობა 2022 წლის თებერვალში: გვქონდა ერთი შეხვედრა, სადაც პირდაპირ წაგვიყენეს ომში ჩართვის მოთხოვნა. ამის შემდეგ იწყება ძალიან უცნაური პროცესი - 2022 წლის 1 მარტს უკრაინას სთავაზობენ კანდიდატის სტატუსზე განაცხადის შეტანას, რაც ყველას გაგვიკვირდა. ვიწრო წრეში გვქონდა მსჯელობა - რადგან მაშინ კიდევ უფრო მძიმე ვითარება იყო უკრაინაში, ვიდრე არის დღეს, კიევში უკვე რუსული ტანკები იყო შესული. ასეთ დროს რა შუაში იყო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი? აბსოლუტურად გაუგებარი იყო. დავსხედით და მარტივი ლოგიკური დასკვნა გამოვიტანეთ - სამიზნე იყო საქართველო, რადგან თავიდანვე ვუთხარით გუნდის წევრებს, რომ ჩვენი პროგნოზით, ორ ქვეყანას მიანიჭებდნენ კანდიდატის სტატუსს, საქართველოს არა და ეს იქნებოდა გამოყენებული, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი საქართველოს წინააღმდეგ", - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, 2022 წლის ივნისში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე უარის თქმა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მოხდა, რადგან მაშინ ქვეყანას არანაირი წინაპირობა არ ჰქონდა შესასრულებელი.

"ივნისში, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი. შეგახსენებთ, რომ მაშინ არ იყო არც 12 პუნქტი, არც 9 პუნქტი - არაფერი არ იყო, არაფერი არ ევალებოდა არც საქართველოს, არც მოლდოვას, არც უკრაინას - ერთადერთი, საჯარო მოხელეები უნდა დამსხდარიყვნენ და შეედგინათ დოკუმენტი, რაც გავაკეთეთ კიდეც. გავაგზავნეთ არსებული ვითარების აღწერა - არავითარი ვალდებულება არ იყო შესასრულებელი იმ მომენტში. მოგვიანებით კი, ევროკომისია აქვეყნებს შეფასებას, სადაც თვითონვე აღიარეს, რომ ჩვენ წინ ვუსწრებთ სხვა ქვეყნებს, რომელთაც მიანიჭეს მერე კანდიდატის სტატუსი, მაგრამ მოხდა ზუსტად ის, რაც გავთვალეთ," - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები