07 ივნისი 2026,   16:09
ვრცლად
სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში, 11:00 საათის მონაცემებით, 362 657-მა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 14,48 %-ია

სომხეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.

ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 11:00 საათის მონაცემებით, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 362 657-მა მოქალაქემ, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 14,48 პროცენტია.

არჩევნებში მონაწილეობს მოქმედი პრემიერი და მისი პარტია. ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს იყრის "ძლიერი სომხეთის" წარმომადგენელი სამველ კარაპეტიანი, რომელსაც შინა პატიმრობა აქვს მისჯილი, ასევე, "სომხეთის ალიანსი" და მისი ლიდერი, სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და გაგიკ წარუკიანის "სომხეთის კეთილდღეობა".

არჩევნები დაკავებებისა და ჩხრეკების ფონზე მიმდინარეობს. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, დაკავებულია ერევნის ყოფილი მერი და ყოფილი მინისტრი, გაგიკ ბეგლარიანი, რომელიც ბრალდებულია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და ფულის გათეთრებაში.

საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, საგამოძიებო კომიტეტმა დააკავა ოპოზიციური პარტიის, "ძლიერი სომხეთის" დეპუტატობის ექვსი კანდიდატი. უსაფრთხოების სამსახური დილიდან ჩხრეკას ატარებს "ძლიერი სომხეთის" შტაბ-ბინასა და ადამიანის უფლებათა დამცველ კარაპეტ პოღოსიანის ბინაშიც.

დაკავებულია დეპუტატობის კანდიდატი ჰასმიკ საჰრადიანიც. ძირითადი ბრალდება რამდენიმე პირის მატერიალურ წახალისებასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრებას უკავშირდება.

ამავდროულად ცნობილი ხდება, რომ სომხეთის ქალაქ გიუმრიში დილიდან ჩხრეკა და დაპატიმრებები დაიწყო. სულ სომხეთში დაკავებულია ოპოზიციურ პარტიებთან დაკავშირებული 100-მდე პირი.

დღის ამბები