ბათუმში საქართველოს პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიხსნა. მულტისპორტული შეჯიბრება სპორტის 17 სახეობაში 14-დან 17 წლამდე ასაკის სპორტსმენებს შორის იმართება და მასში ნაკრები გუნდები საქართველოს ყველა რეგიონიდან მონაწილეობენ.
ფესტივალის საზეიმო გახსნაზე შედგა ტრადიციული ოლიმპიური ფიცის დადების ცერემონია. ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით ტარდება.
"ემოციური დღეა დღეს ბათუმში, პირველად, ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნა გაიმართა საქართველოში, ბათუმში. მე ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ დღეს აჭარა სრულად მზად არის, რათა ჩაატაროს ნებისმიერი დონის სპორტული შეჯიბრებები. თქვენ ხედავთ, რომ დღეს ჩვენ გახსნა გვქონდა ბათუმის არაჩვეულებრივ სტადიონზე, ჩვენი რეგიონისთვის სავიზიტო ბარათია. დღეს ვიხილეთ ჩვენი არაჩვეულებრივი ახალგაზრდა სპორტსმენები, მათ შორის, 118 ბავშვი აჭარიდან, სპორტის 17 სახეობა. რამდენიმე დღის განმავლობაში, მათ ექნებათ შესაძლებლობა, იასპარეზონ და ძალიან დიდი შედეგები დადონ ჩვენი ქვეყნისთვის. ვფიქრობ, ეს არის ძალიან დიდი სტიმული ახალგაზრდებისთვის," - აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე.
საქართველოს სპორტის მინისტრი, შალვა გოგოლაძემ თითოეულ სპორტსმენს წარმატება უსურვა.
"ემოციური და ლამაზი გახსნა იყო. პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატორებს, ოლიმპიურ კომიტეტს ასეთი საინტერესო გახსნისთვის. ხვალ პირველი საშეჯიბრო დღეა ჩვენი სპორტსმენებისთვის და მინდა წარმატება ვუსურვო თითოეულ სპორტსმენს ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე. თითოეული გამარჯვებულ ისტორიაში შევა, როგორც პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მონაწილე. დარწმუნებული ვარ, რომ აქ ბევრი სპორტსმენი მომავალში საქართველოს წარადგენს დიდ საერთაშორისო ტურნირებზე და დარწმუნებული ვარ, რომ არაერთი გახდება ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი. მე მინდა თითოეულ სპორტსმენს წარმატება ვუსურვო როგორც ეროვნულ ჩემპიონატში, ასევე დიდ საერთაშორისო ტურნირებში,“ - განაცხადა შალვა გოგოლაძემ.
ავტორი: ლაშა დვალიშვილი