ფონდი "ქართუ", მორიგ საქველმოქმედო პროექტთან დაკავშირებით, ოპოზიციის დეზინფორმაციულ კამპანიას და სპეკულაციებს პასუხობს. საუბარია ფონდის მიერ შეკვეთილში შეძენილ და სახელმწიფოსთვის საჩუქრად გადაცემულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც ოპოზიციის მტკიცებით, საეჭვო გარიგების ნაწილია. "ქართუ", ქველმოქმედების საწინააღმდეგო კამპანიაში ჩართული პოლიტიკოსების საყურადღებოდ განმარტავს, რომ რეალურად, მიწის ნაკვეთის შეძენა, სახელმწიფო ორგანიზაცია "სთარინგ ჯორჯიას" პროექტის საფუძველზე მოხდა, რომელიც ციცინათელას მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალი დინო-პარკის მშენებლობას გულისხმობს.
პროექტის თანახმად, "სთარინგ ჯორჯია", საქართველოში ყველაზე დიდ დინო პარკს "დინოტოპიას" უახლოეს პერიოდში გახსნის, რომელიც თანამედროვე, შემეცნებით, გასართობ სივრცესთან ერთად, შავი ზღვისპირეთს მასშტაბურ ტურისტულ კომპლექსად აქცევს, მოსახლეობისთვის კი, დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის.
ოპოზიცია კი ამ დაგეგმილი პროექტის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებას არ დაელოდა. დეზინფორმაციული კამპანია ჯერ კიდევ მაისის თვეში დაიწყო. ხელისუფლების ოპონენტები, საზოგადოებას, სოციალური ქსელით, თუ გარკვეული მედიასაშუალებების დახმარებით, არწმუნებდნენ, რომ ფონდმა საეჭვო ტრანზაქცია განახორციელა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამტკიცებდნენ იმასაც, რომ "ქართუმ", შეკვეთილში 27 ჰექტარი მიწის ფართობი შეიძინა, რაც საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენლების განცხადებით აბსურდია. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის განმარტებით, "ციცინათელას" მიმდებარე ტერიტორიაზე, რეალურად 2,7 ჰექტარი, საბაზრო ღირებულებით მილიონ 300 ათას ლარად, შპს "აკვაცენტრისგან" შეისყიდეს.
ოპოზიციის სპეკულაციები, არ უკვირთ ხელისუფლებაში. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, "ფონდი ქართუს" ქველმოქმედების წინააღმდეგ წარმოებული ეს და სხვა არაერთი კამპანია, მხოლოდ ოპონენტების რეალურ სახეს აჩვენებს და მათ დისკრედიტაციას ახდენს.
ხელისუფლების ოპონენტები ქველმოქმედებაზე საუბარს დღესაც თავს არიდებენ და ვერ პასუხობენ მთავარ შეკითხვებს - რა არის ცუდი ფონდის ქველმოქმედებაში, ან რატომ ცდილობენ შენება ნგრევად წარმოაჩინონ?
ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, მსგავსი დეზინფორმაციული განცხადებები, დღეს სახელისუფლებო გუნდში გაიხსენეს. მათ შორის დენდროლოგიურ პარკთან დაკავშირებით წლების წინ დაწყებული კამპანია. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ყველა მსგავსი ტყუილის მიღმა ოპონენტების კონკრეტული ინტერესი იმალება- დააზიანონ ყველა პროექტი, რაც ქვეყანას განვითარებაში დაეხმარება.
ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან ერთად, სპეკულაციებით უკვე რამდენიმე დღეა დაკავებული არიან, მათთან დაკავშირებული მკვლევარებიც. გარკვეულმა მედიასაშუალებებმა კი "ფონდი ქართუს" მორიგი საქველმოქმედო პროექტის საწინააღმდეგოდ რამდენიმე დეზინფორმაციული რეპორტაჟი მოამზადეს.