01 აგვისტო 2026,   14:14
ვრცლად
რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პედიატრიული განყოფილება ამოქმედდა

რუხის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ პაციენტების მიღება უკვე დაიწყო. სამედიცინო დაწესებულებაში პედიატრიული განყოფილება გაიხსნა.

კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია; მრავალპროფილური დიაგნოსტიკა და ლაბორატორიული კვლევები - ბავშვთა საჭიროებებზეა ადაპტირებული. კლინიკაში უკვე მოქმედებებს პედიატრიული გადაუდებელი დახმარების სერვისი. 24 საათის განმავლობაში, მუშაობს მიმღები განყოფილება. სამედიცინო მომსახურება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

პედიატრიულ კლინიკაში უახლოეს პერიოდში ბავშვთა რეანიმაციის და ქირურგიული პროფილის განყოფილებაც გაიხსნება. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კლინიკა დღეს ჯანდაცვის მინისტრმა დაათვალიერა. მიხეილ სარჯველაძის თქმით, სამედიცინო აპარატურა ულტრათანამედროვეა, ხოლო მედპერსონალი კვალიფიციური ექიმებით არის დაკომპლექტებული.

ბავშვთა მულტიფუნქციური პედიატრიული კლინიკა შენდება ბათუმშიც, რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზევე. სამედიცინო ცენტრი უახლესი ტექნოლოგიებით აღიჭურვება, შენობაში განთავსდება თერაპიული, ქირურგიული და რეანიმაციული განყოფილებები. პირველ სართულზე ჰემოდიალიზის ცენტრი გაიხსნება და 18 პაციენტს ერთდროულად მიიღებს.

ბათუმში მიმდინარე მშენებლობას დღეს ჯანდაცვის მინისტრი გაეცნო. მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ უწყებისთვის მთავარი პრიორიტეტია, მოქალაქეებმა რეგიონებში მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება მიიღონ.

ბათუმში, მულტიფუნქციური პედიატრიული კლინიკა 91 პაციენტზეა გათვლილი.

დღის ამბები