გადაწყვეტილება მიღებულია - ძალადობის ფაქტზე დაკავებული ექვსივე პოლიციელი თანამდებობიდან გათავისუფლდა, აღკვეთის ღონისძიების სახით კი პატიმრობა შეეფარდათ. ბრალდებულები დღეს საკუთარ პროცესს არ ესწრებოდნენ. ადვოკატები დაკავებული სამართალდამცველების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ, თუმცა ეს შუამდგომლობა გორის რაიონული სასამართლოს მსაჯულმა არ დააკმაყოფილა. სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდებით დაკავებულთა ნაწილი პაპუნა ლოცულაშვილზე ძალადობის ფაქტს აღიარებს. წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს ერთ ერთი პოლიციელი.
ობიექტური და სამართლიანი - ასე შეაფასა გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება პაპუნა ლოცულაშვილისა და ლაშა აბისონაშვილის უფლებადამცველმა. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფ ორივე პირს დაზარალებულის სტატუსი უკვე ოფიციალურად მიენიჭათ.
სახელმწიფო ბრალმდებელი ამბობს, რომ ძალადობის ამსახველი ვიდეოჩანაწერები სრულად ამოღებულია, დაკავებულების წინააღმდეგ საქმეში არსებულ მთავარ მტკიცებულებას ექსპერტიზაც ჩაუტარდება. პროკურორის ინფორმაციით, ბრალდებულმა პოლიციელებმა დაზარალებულები გადამოწმების მიზნით გააჩერეს, დაკავებას წინ ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, პოლიციელს ფიზიკური დაზიანება ბლაგვი საგნით პაპუნა ლოცულაშვილმა მიაყენა, რის შემდეგაც დაშავებული პოლიციელი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება პაპუნა ლოცულაშვილიც. დაზარალებული კლინიკაში გვიან ღამით, მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ლოცულაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით დღეს კომენტარი ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა. მიხეილ სარჯველაძის თქმით, პაციენტს ყველა შესაბამისი სამედიცინო პროცედურა ჩაუტარდა და მალე სახლში გაეწერება.
დაზარალებულის ოჯახის წევრების თხოვნის მიუხედავად, სამართლებრივი საქმის პოლიტიზებას აგრძელებს ოპოზიცია. "ნაციონალური მოძრაობის" შემდეგ, პოლიტიკური ქულების დაწერა დღეს "ლელომაც" სცადა.
ჩადენილ დანაშაულზე სახელმწიფო თვალს რომ არ ხუჭავს, ეს სამართალდამცავი უწყებების მყისიერი რეაგირებითაც დადასტურდა. მმართველი გუნდის თქმით, იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ბიზნესს არეკეტებდა, მშვიდობიან დემონსტრანტებს ძალადობრივად უსწორდებოდა, უდანაშაულო ადამიანებს უაპელაციოდ ასამართლებდა და ქუჩებში კლავდა სისტემურ და სისტემატურ დანაშაულებზე საუბრის არც მორალური და არც პოლიტიკური უფლება აქვს. მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყოფილებს დღეს სტრასბურგის ადამიანის უფლებადა ევროპული სასამართლოს ვერდიქტები და ისეთი რეზონანსული საქმეები გაახსენეს, როგორიც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე იყო.
სახელისუფლებო გუნდის წევრებმა დღეს კიდევ ერთხელ თქვეს, რომ ნებისმიერ კანონდარღვევას მკაცრი რეაგირება მოჰყვება. გორში მომხდარი ძალადობის ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელებიდან რამდენიმე საათში საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა 6 მოქმედი პოლიციელი დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სამართალდამრღვევ სამართალდამცველებს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ავტორი: ნანა გოგატაძე.