20 ივნისი 2026,   16:44
ვრცლად
Blue Origin-ის რაკეტა გამოცდის დროს აფეთქდა - The Guardian

Blue Origin-ის რაკეტა გამოცდის დროს აფეთქდა - ეს ჯეფ ბეზოსის კომპანიის მორიგი წარუმატებლობაა - წერს THE Guardian

ინციდენტის შედეგად პერსონალი არ დაშავებულა, წერს კომპანია სოციალურ ქსელში და მომხდარს "ანომალიას" უწოდებს

ნასას გეგმები მომავალი ორი წლის განმავლობაში მთვარის ბაზის აშენებისა და მთვარეზე ადამიანების გაგზავნის შესახებ საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც ფლორიდაში, გამოცდის დროს, ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-ის რაკეტა New Glenn-ი აფეთქდა - წერს GUARDIAN-ი.

კენედის კოსმოსურ ცენტრში დაგეგმილი ტესტირების დაწყებიდან რამდენიმე წამში, მძლავრმა ცეცხლოვანმა ბურთმა სასტარტო მოედანი მოიცვა და გაანადგურა.

ნარინჯისფერი ცა აფეთქების ადგილიდან 185 კილომეტრის მოშორებით, სამხრეთით მდებარე ქალაქ ფორტ პირსშიც კი ჩანდა.

სწორედ ამ ტიპის რაკეტის გამოყენებას გეგმავს Blue Origin-ი ნასასთვის მთვარის მოდულების გასაშვებად, მათ შორის იმ აპარატების, რომლებმაც ასტრონავტები მთვარის ზედაპირზე უნდა დასვან.

Blue Origin-ის დამფუძნებელმა, ჯეფ ბეზოსმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კომპანიის ყველა თანამშრომელი უსაფრთხოდაა და არავინ დაშავებულა, თუმცა მომხდარს "ძალიან მძიმე დღე" უწოდა.

სამშაბათს ნასამ გამოაცხადა, რომ Blue Origin-მა მოიპოვა კონტრაქტი მიმდინარე წელს დაგეგმილი სამი მისიიდან პირველის გაშვებაზე, რომლითაც მისი 20-მილიარდიანი მთვარის ბაზის მშენებლობა უნდა დაიწყოს.

როგორც მედია წერს, კომპანია ასევე კონკურენციას უწევს ილონ მასკის SpaceX-ს, რათა უზრუნველყოს მთვარის მოდული 2028 წლისთვის დაგეგმილი მისიისთვის, რომლის ფარგლებშიც ასტრონავტები მთვარეზე ფეხს 1972 წლის შემდეგ პირველად დაადგამენ.

ნასას ადმინისტრატორმა, ჯარედ ისააკმანმა X-ზე დაწერა, რომ აფეთქების შემდეგ ამ ვადების სრული შეფასება მოხდება. თავად Blue Origin-მა მომხდარი "ანომალიად" შეაფასა.

"კოსმოსური ფრენები შეცდომებს არ პატიობს, ხოლო მძიმე კლასის ახალი მატარებელი რაკეტების შექმნა უაღრესად რთულია. ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რათა მხარი დავუჭიროთ ამ ანომალიის საფუძვლიან გამოძიებას, შევაფასოთ გავლენა უახლოეს მისიებზე და დავუბრუნდეთ რაკეტების გაშვებას. ინფორმაციას „არტემისისა“ და მთვარის ბაზის პროგრამებზე რაიმე გავლენის შესახებ, მიღებისთანავე გავავრცელებთ," - დაწერა მან.

ბეზოსმა პოსტში აღნიშნა: "ჯერ კიდევ ადრეა გამომწვევი მიზეზის ცოდნა, მაგრამ ჩვენ უკვე ვმუშაობთ მის დასადგენად. ძალიან მძიმე დღეა, მაგრამ ჩვენ აღვადგენთ ყველაფერს, რაც აღსადგენია და ფრენებს დავუბრუნდებით. ეს ამად ღირს".

აფეთქების ტალღა ფლორიდის ატლანტის ოკეანის სანაპიროზე, რომელიც "კოსმოსური სანაპიროს" სახელითაა ცნობილი, მკაფიოდ იგრძნობოდა. ცაზე გაჩენილი ნათების შესახებ, ასობით კილომეტრით მოშორებით, ჩრდილოეთით, სამხრეთ კაროლინას მცხოვრებლებიც კი იტყობინებოდნენ.

დაახლოებით 21:00 საათზე მეზობელ კეიპ კანავერალსა და კოკო ბიჩში სახლებში ბიძგები იგრძნეს, რის გამოც ადგილობრივებმა სოციალურ ქსელებს მიაშურეს იმის გასარკვევად, თუ რა მოხდა.

კეიპ კანავერალის კოსმოსური ძალების ბაზის 36-ე სასტარტო კომპლექსი სანაპიროდან კარგად ჩანს, რის გამოც ინტერნეტი მალევე აივსო ნარინჯისფერი ცეცხლოვანი ბურთის ფოტოებით.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კვამლის ან სხვა პოტენციური საფრთხეების გამო მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. აფეთქებიდან ორი საათის შემდეგაც კი სასტარტო მოედანზე ცეცხლი კვლავ ბჟუტავდა.

Blue Origin-მა არაერთი წარუმატებლობა განიცადა მას შემდეგ, რაც "არტემისის" პროგრამის ფარგლებში ნასას კონტრაქტებისთვის SpaceX-თან კონკურენციაში ჩაება.
გასულ თვეში, New Glenn-ის მესამე ფრენისას, ტვირთი არასწორ ორბიტაზე აღმოჩნდა, რის გამოც ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ რაკეტას ფრენები დროებით აუკრძალა.

ხუთშაბათის ტესტი იყო პირველი სტატიკური ცეცხლის გამოცდა მას შემდეგ, რაც FAA-მ გასულ კვირას კომპანიას ფრენების განახლების უფლება მისცა. უწყებას ჯერჯერობით არ გაუკეთებია კომენტარი იმის შესახებ, გახდება თუ არა აფეთქება კიდევ ერთ გამოძიების საფუძველი.

Blue Origin-მაც და SpaceX-მაც კეიპ კანავერალის კოსმოსურ ცენტრთან ახლოს დიდი ახალი ობიექტები ააშენეს, რათა ნასასთან პარტნიორობით პილოტირებად და სატვირთო მისიებს მხარი დაუჭირონ.

2027 წლისთვის დაგეგმილმა მისია Artemis III-მ უნდა გამოცადოს როგორც Blue Origin-ის "Blue Moon" მოდული, ისე SpaceX-ის Starship Human Landing System, რათა დადგინდეს, რომელი მათგანი გადაიყვანს Artemis IV-ის ეკიპაჟს "ორიონის" კაფსულიდან მთვარის ზედაპირზე.

ილონ მასკი სოციალურ ქსელ X-ზე, მომხდარ აფეთქებას გამოეხმაურა: "უაღრესად სამწუხაროა. რაკეტების შექმნა რთული საქმეა“, - აღნიშნა მან.

ბეზოსს ასევე პირადი ინტერესი აქვს კოსმოსურ ტურიზმში. გასულ აპრილში კომპანია მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა, როდესაც კოსმოსში ვარსკვლავური, სრულიად ქალებით დაკომპლექტებული ეკიპაჟი გაგზავნა, რომელთა შორის იყვნენ გეილ კინგი და ქეით პერი.

დღის ამბები