თბილისში, "ღვინის ქარხანა №1"-ის ენოთეკაში დაცული ალკოჰოლური სასმელების უნიკალური კოლექციის შესწავლა იწყება.
საკოლექციო ღვინოების უნიკალური საცავი სახელმწიფომ ღვინის ეროვნულ სააგენტოს გადასცა. ღვინის ქარხნის მშენებლობა მეცხრამეტე საუკუნეში დავით სარაჯიშვილს უკავშირდება.
საცავი კი, რომელიც ამ ისტორიულ კომპლექსში მდებარეობს, ქართული მეღვინეობის მნიშვნელოვანი საგანძურია. იქ ორ საუკუნეზე მეტი ხნის დაძველებით დაახლოებით 20 000-მდე საკოლექციო ბოთლი ინახება, როგორც ქართული, ისე უცხოური ღვინოები.
კოლექციაში გვხვდება ნიმუშები ნაპოლეონ ბონაპარტის, იოსებ სტალინისა და სხვა ისტორიული ფიგურების პირადი მარნებიდან. უახლოეს მომავალში დაიწყება კოლექციის შესწავლა. ღვინის ქარხანაში ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი დაესწრო.
ღონისძიების ორგანიზატორთა ინფორმაციით, "ღვინის ენოთეკა" სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ღვინის ეროვნული სააგენტოს სარგებლობის უფლებით, უსასყიდლოდ და უვადოდ გადასცა. ღვინის ქარხანაში ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი დაესწრო.
"შატო იკემის" პრეზიდენტი პიერ ლურტონი აცხადებს, რომ დიდი პატივია მისთვის ამ ღონისძიებაზე ყოფნა.
"ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად ამ უნიკალურ ადგილას ყოფნა. ღვინო ხომ დროის კონცენტრაციაა. ეს არის სირთულის სამყარო. ვფიქრობ, ის მეფეა, ის იმპერატორია. ის უნიკალურია. "შატოსთან" ერთად დროში მოგზაურობა უაღრესად ელეგანტურია. დღეს კი, თქვენთან ერთად საქართველოში, ამ ადგილას, ჩვენ თითქოს წარსულში ვბრუნდებით. ვბრუნდებით წარსულში, რათა ვიხილოთ ეს ადგილი, სადაც ღვინის მომავალი ასე მშვიდად ისვენებს. თქვენ ვერ ხედავთ ამ ბოთლის ეტიკეტს, მაგრამ ბოთლზე არსებული მცირეოდენი მტვერი მის ასაკზე მეტყველებს," - აცხადებს პიერ ლურტონი.