03 აგვისტო 2026,   21:35
ვრცლად
მთელი მსოფლიო ამბობს, რომ ღვინო ქართველებმა შექმნეს, თუმცა მეტსაც გეტყვით თავად ღვინომაც შექმნა საქართველო - დავით სონღულაშვილი

ღვინის ქარხანაში დაცული ალკოჰოლური სასმელების კოლექციის შესწავლა იწყება.

საკოლექციო ღვინოების უნიკალური საცავი სახელმწიფომ ღვინის ეროვნულ სააგენტოს გადასცა. ღვინის ქარხნის მშენებლობა მეცხრამეტე საუკუნეში დავით სარაჯიშვილს უკავშირდება.

საცავი კი, რომელიც ამ ისტორიულ კომპლექსში მდებარეობს, ქართული მეღვინეობის მნიშვნელოვანი საგანძურია. იქ ორ საუკუნეზე მეტი ხნის დაძველებით დაახლოებით 20 000-მდე საკოლექციო ბოთლი ინახება, როგორც ქართული, ისე უცხოური ღვინოები.

კოლექციაში გვხვდება ნიმუშები ნაპოლეონ ბონაპარტის, იოსებ სტალინისა და სხვა ისტორიული ფიგურების პირადი მარნებიდან. უახლოეს მომავალში დაიწყება კოლექციის შესწავლა. ღვინის ქარხანაში ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი დაესწრო.

ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა გახსნა.

"მთელი მსოფლიო ამბობს, რომ ღვინო ქართველებმა შექმნეს, თუმცა მეტსაც გეტყვით თავად ღვინომაც შექმნა საქართველო. სწორედ ღვინის წარმოების უძველესმა ტრადიციამ განსაზღვრა საქართველოს ადგილი და დანიშნულება მსოფლიო რუკაზე. საუკუნეების განმავლობაში ღვინო გახდა საქართველოს სავაჭრო ურთიერთობების რეგიონული გაცვლისა და პარტნიორობის მნიშვნელოვანი ნაწილი. დღეს ჩვენ სწორედ ამ დიდი მოძრაობის მონაწილეები ვართ, მოძრაობის რომელიც საქართველოს როგორც ღვინის უნიკალური კულტურის მატარებელ ქვეყანას საერთოდ სხვა კუთხით მოაქცევს მსოფლიო ყურადღების ცენტრში. ჩვენ დავიწყებთ საცავში დაცული უნიკალური ღვინოების ვერიფიკაციის პროცესს ჩვენი მეგობრების დახმარებით და უშუალო ჩართულობით," - აცხადებს დავით სონღულაშვილი.

დღის ამბები