12 აგვისტო 2026,   05:59
ვრცლად
26 მაისის საპროტესტო აქცია ოპოზიციაში ახალი დაპირისპირების საფუძველი გახდა - მმართველ გუნდში ამბობენ, რომ გუშინდელი აქცია ოპოზიციის შესაძლებლობების ფინალური აკორდი იყო

საპროტესტო აქცია, რომელიც გუშინ ოპოზიციამ ერთობის დასამტკიცებლად გამართა, მათ შორის ახალი განხეთქილებისა და დაპირისპირების საფუძველი რამდენიმე საათშივე გახდა. ოპოზიციის ახალი კამპანია ოპოზიციაშივე დაიწუნეს. "საქართველო იმსახურებს უკეთესს" - ეს სლოგანი იყო ერთადერთი, რის ირგვლივაც ოპოზიციის მხარდამჭერები დღეს ნამდვილად გაერთიანდნენ და სოციალურ ქსელებში ერთმანეთს ცინიკური პოსტები მიუძღვნეს.

სლოგანი, რომელიც ოპოზიციაში ახალი დაპირისპირების საფუძველი გახდა, მმართველი გუნდისთვის იმის დასტურია, რომ ისიც უცხოელების მიერ დაწერილი სცენარის ნაწილია და ხელისუფლების ოპონენტები გარე ძალების მითითებებს მიყვებიან.

რა იყო მნიშვნელოვანი გუშინდელ აქციაზე - ეს კიდევ ერთი საკითხია, რომლის გამოც ხელისუფლების ოპონენტები დილიდან ერთმანეთს აკრიტიკებენ. აღმოჩნდა, რომ ნიკა გვარამია უმნიშვნელოვანეს საკითხად მიიჩნევს, რამდენმა ადამიანმა უყურა მათ შეკრებას ტელევიზიით. არ დააყოვნა კოლეგების პასუხმაც - "გირჩის" წევრმა გვარამიას ცინიკურად ურჩია, რადიოს მსმენელთა რაოდენობაც დათვალოს.

სანამ გვარამია თავის მხარდამჭერებს სატელევიზიო რეიტინგით ზომავდა, ალიანსის ქვეშ შეკრებილთა ნაწილი მხარდამჭერთა რაოდენობას რუსთაველის გამზირზე ითვლიდა.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ გუშინდელი აქცია ოპოზიციის შესაძლებლობების ფინალური აკორდი იყო და რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს უკეთეს ოპოზიციას.

26 მაისის აქციისთვის ოპოზიციამ მზადება რამდენიმე თვით ადრე დაიწყო - ცდილობდნენ მხარდამჭერების მობილიზებას და მათ დარწმუნებას, ოპოზიციის ერთობაში თუმცა, აქციის დასრულებისთანავე მათ შორის ახალი დაპირისპირება დაიწყო.

დღის ამბები