ქვეყნის ყველაზე დიდ დღესასწაულზე საქართველომ მილოცვა ოკეანისპირებიდან, ამერიკის პირველი პრისგან მიიღო.
დონალდ ტრამპი დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს პრეზიდენტს ულოცავს და იმედოვნებს, რომ მიმდინარე წელი ორი ქვეყნის ურთიერთობებში ახალ შესაძლებლობებს გააჩენს.
მანდამდე ქართველ ხალხს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მიულოცა და უთხრა, რომ ამერიკა საქართველოს გვერდით დგას. საელჩომ გამოაქვეყნა 1992 წელს გადაღებული ისტორიული ფოტოც, რომელიც დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან რამდენიმე თვეშია გადაღებული.
ამერიკის დედაქალაქში 26 მაისი დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა. შესაბამისი ბრძანება ვაშინგტონის მერმა მარიელ ბაუზერმა გამოსცა. საქართველოს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავი ვაშინგტონმა ქართულ დიასპორასთან ერთად აღნიშნა. ნიუ-იორკში ისტორიულ "ბოულინგ გრინ პარკში" საქართველოს დროშა აღიმართა. ჰარვარდის კლუბში კი დიპლომატების, ბიზნესისა და დიასპორის წარმომადგენლებისთვის ოფიციალური მიღება გაიმართა.
ქვეყანას სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ევროპამ.
ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
26 მაისს ქვეყანამ მილოცვები და მხარდაჭერის გზავნილები მიიღო უკრაინისგან, ესპანეთისგან, ბოსნია და ჰერცოგოვინასგან, სერბეთისგან, პოლონეთისგან, რუმინეთისგან, ლატვიისგან, ნორვეგიისგან. შვეიცარიამ მისალოც წერილში ქართველი მწერლისა და ერთა ლიგაში საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენლის ხარიტონ შავიშვილის ღვაწლზეც ისაუბრა. ქართველ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცეს კატარიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდამ და კორეის რესპუბლიკიდან. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 26 მაისი საქართველოს ქართულ ენაზე მიულოცა.
ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მსოფლიო ლიდერებმა მილოცვის წერილები ქვეყნის პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს გაუგზავნეს. საქართველოს პრემიერ მინისტრის სახელზე გამოგზავნილი წერილების ადრესანტები სამეზობლოდან - თურქეთიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ძმური კავშირების მნიშვნელობაზე საუბრობენ.
საქართველოს პრეზიდენტის სახელზე წერილი გამოგზავნეს მონარქებმაც ბელგიიდან და დიდი ბრიტანეთიდან. ჩინეთიდან მოსულ გზავნილში კი პრეზიდენტი სი ძინპინი ორმხრივი ურთიერთობების ახალ სიმაღლეზე ასაყვანად მზადყოფნას გამოთქვამს.
პონთიფიკოსმა საქართველოს რომიდან უთხრა, რომ ქვეყნის კეთილდღეობისთვის ლოცულობს.
ქვეყნისთვის ისტორიულ დღეს ბრიუსელის მთავარი სიმბოლო ტრადიციულად ქართული ეროვნული სამოსით - ჩოხით შემოსეს.
საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში განათდა სხვადასხვა ქვეყნის შენობები და ისტორიული ნაგებობები მათ შორის- სტამბოლში ფათიჰ სულთან მეჰმედის ხიდი, ბაქოს ოლიმპიური სტადიონი,ინდოეთში, უძველესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი "ქათაბ მინარი," მადრიდში სიბელესის მოედანზე არსებული შადრევანი, ბრაზილიაში- სატელევიზიო ანძა. ბულგარეთში ქალაქ სოფიაში მერიის ორგანიზებით, თბილისის სახელობის სკვერის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კვიპროსში უნიკალური ექსპონატი, ერეკლე მეორის მიერ ღვთისმშობლის ხატისთვის შეწირული მანდილი და სხვა ისტორიული არტეფაქტები წარმოადგინეს.
ზუსტად 108 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, თბილისში, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.