საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი 7.1 მეათედ პროცენტამდე შემცირდა. ახალი მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, აბსოლუტური სიღარიბის დონე, როგორც ქალაქად, ისე სოფლად გაუმჯობესდა:
"აბსოლუტური სიღარიბის დონე გაუმჯობესდა, როგორც ქალაქად, ისე სოფლად. ქალაქად დაახლოებით 6%-ს შეადგენს, ხოლო სოფლად 9%-ია.
გაუმჯობესება ყველა ასაკობრივ ჯგუფს ეხება. ასევე, ჩვენ გამოვაქვეყნეთ ჯინის ინდექსი, როგორც მთლიანი შემოსავლების, ასევე ხარჯების მიმართ და აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 0.34 მეასედი შეადგინა,"- აცხადებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე.
ცნობისთვის, ეკონომიკურ მაჩვენებლებზე დღეს ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრმა გამართა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქსტატის მონაცემები ადასტურებს რომ 2025 წელს, 7.5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის ფონზე, სიღარიბე 90 000-მა მოქალაქემ დაძლია. მისივე თქმით, ბოლო 6 წელიწადში ქვეყანაში სიღარიბე სამჯერ შემცირდა.