საჯარო სივრცეში სიძულვილისა და შეურაცხყოფის გამოხატვის ფაქტებზე რეაგირება მსხვერპლის საჩივრის გარეშეც მოხდება. ამას შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ახალი სამმართველო პროაქტიულად გამოავლენს. სიტყვიერი ძალადობის მსხვერპლსაც სწორედ ეს სამმართველო დაიცავს. სიტყვიერი ძალადობის მსხვერპლსაც ახალი სამმართველო დაიცავს.
სამართალდამრღვევს თავის მართლება სასამართლოში მოუწევს, სანქციებს კი მოსამართლე განსაზღვრავს.
სიძულვილის ენის, შუღლისა და შეურაცხყოფის ფაქტების შესწავლის მიზნით, სამმართველოს შექმნის ინიციატივა ვიცე-პრემიერს, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, მამუკა მდინარაძეს ეკუთვნის. ინიციატივის მთავარ მიზნად ქვეყანაში არსებული პოლარიზაციის განმუხტვა სახელდება.
მთავრობის ინიციატივას ოპოზიცია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებს.
ყველაფრის თქმის უფლება რომ სიტყვის თავისუფლებას არ ნიშნავს, რამდენიმე დღის წინ, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაშიც აისახა - საქმეში "მილაძე საქართველოს წინააღმდეგ".
ირაკლი მილაძემ სტრასბურგში საქმე "საიას" დახმარებით გაგზავნა. TikTok-ვიდეოში სატრანსპორტო პოლიტიკის კრიტიკა და კონკრეტული პოლიტიკოსებისა თუ საჯარო მოხელეების მისამართით გინება ისმის. ქართულმა სასამართლომ ფაქტი სამართალდარღვევად შეაფასა და მილაძე 500 ლარით დააჯარიმა. დაჯარიმებულმა ევროსასამართლოს მიმართა და ამტკიცებდა, რომ გინება გამოხატვის თავისუფლებაა, თუმცა სტრასბურგმა იმედი გაუცრუა.
საქართველოში ახალი სამართლებრივი მექანიზმის ამოქმედებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირები სრულად იზიარებენ.
გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ინგლისი და კანადა - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ქვეყნების, სადაც სიძულვილის ენა და შეურაცხყოფა მკაცრი კანონებით რეგულირდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სამმართველო პირველ ივნისს ამოქმედდება. სოციალურ ქსელებში და, ზოგადად, საჯარო სივრცეში სიძულვილის, შეურაცხყოფისა და შუღლის ავტორების მონიტორინგიც პირველ ივნისს დაიწყება.