18 ივნისი 2026,   18:08
ვრცლად
"სასტიკი ძალადობა, უსამართლობა, თავისუფალი სიტყვის ჩახშობის მცდელობა, დემოკრატიის პრინციპებიდან გადახვევა, ხელისუფლების გულგრილობა" - კოპენჰაგენში განვითარებულ მოვლენებზე ადგილობრივები "კურიერთან" საუბრობენ

10 დღის წინ გადაღებული კადრები კოპენჰაგენში დღესაც კარგად ახსოვთ. ამბობენ, რომ არ დაავიწყდებათ მომენტი, როცა მშვიდობიან მომიტინგეებს ხელისუფლებამ ხელკეტები დაუპირისპირა, ნაცემ,ძირს დავარდნილ მოქალაქეებთან კი სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები მიუშვა.

ჩრდილოეთ ევროპის ამ ქვეყანაში ძალის გადამეტებისთვის ბოდიში, არცერთ სამართალდამცავს არ მოუხდია. ძალადობა არც იმ ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუგმიათ, რომლებიც ხშირად სხვა სახელმწიფოში მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ. კოპენჰაგენში ჩასულ "კურიერის" გადამღებ ჯგუფს ადგილობრივები ეუბნებიან, რომ დანიაში ხშირად პროტესტი მომიტინგეებზე თავდასხმით სრულდება.

რამდენად შეესაბამება დემოკრატიას ის, რაც კოპენჰაგენში მოხდა, დანიის ხელისუფლებას ჩვენც არაერთხელ ვკითხეთ. პასუხის გაცემის პროცესში ბიუროკრატებმა კვლავ ბიუროკრატიას მიმართეს. საელჩომ, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გადაგვამისამართა, საგარეო უწყებამ, იუსტიციის სამინისტროსთან. იქ კიარავის არაფერი აღარ უთქვამს.

დანიის ხელისუფლების მსგავსად, ძალადობის ფაქტზე ტრადიციული შეშფოთება, არც სხვა ევრობიუროკრატებისგან ისმის, რომლებიც ხშირად ადამიანის უფლებების დამცველის იმიჯს ირგებენ. თავისუფალი სიტყვის დამცველი სახელმწიფოს წარმომადგენლები კი შემთხვევის ადგილამდე ჟურნალისტებს მისვლის საშუალებას არ აძლევენ.

მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელში ადამიანის უფლებების დარღვევის ამსახველი ვიდეომასალა ვირუსულად გავრცელდა, მომხდარით ამ დრომდე არცერთი მეინსტრიმული მედია არ დაინტერესებულა. შესაბამისად, არც ადამიანებს მისცემიათ საშუალება საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინათ. კურიერთან საუბარში დანიის მოქალაქეები ამბობენ, რომ ბოლოდროინდელი ტენდენციები, დემოკრატიის პრინციპებიდან გადახვევაა.

პოლიციამ მშვიდობიანი აქცია კოპენჰაგენში 23 მაისს დაარბია. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა და სხვა დასავლურმა სახელმწიფოებმა კი მომხდარის დაგმობას - დუმილი ამჯობინეს.

ავტორი: ნანა გოგატაძე. 

დღის ამბები