ნარკოტიკის 10-მდე სამალავი თბილისის ერთ-ერთ უბანში პოლიციამ ოპერატიული ინფორმაციით აღმოაჩინა. დაკავებულია ე.წ. დამდებიც. ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა. "კურიერის" ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ლატვიიდან საქართველოში რამდენიმე თვის წინ ჩამოვიდა.
გასაყიდად გამზადებული მეთადონის კვალზე პოლიცია მაშინ გავიდა, როდესაც ახალგაზრდა მამაკაცი გადამოწმების მიზნით გააჩერეს. ევგენი პასტნოვის მობილურის დათვალიერებისას მასში ნარკოტიკების სამალავების ფოტოები აღმოჩნდა - ის ფოტოები, რომლებიც ლატვიის მოქალაქეს, სავარაუდოდ, კლიენტებისთვის უნდა გადაეგზავნა.
ნასიძის ქუჩიდან საგამოძიებო მოქმედებები ევგენი პასტნოვის ნაქირავებ ბინაში გაგრძელდა, საიდანაც სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით მეთადონი ამოიღეს.
ამოღებულია ელექტროსასწორები, ჩამკეტები და წებოვანი ლენტები.
ევგენი პასტნოვი განსაკუთრებით დიდი ოდენობით მეთადონის შეძენა-შენახვა-რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის გავრცელების ფაქტი ძველი თბილისის პოლიციის თანამშრომლებმა აღკვეთეს. გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულის დამამტკიცებელი მტკიცებულებები სამართალდამცველებმა უკვე მოიპოვეს და სისხლის სამართლის საქმეში დევს.
ნარკოდანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.