მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორ ჰანს კლუგეს შეხვდა. განიხილეს საქართველოსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ ოფისს შორის თანამშრომლობის საკითხები.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და კონკრეტულად ჰანს კლუგეს ინტერესი საქართველოს გამოცდილებასთან მიმართებაში დიდია.
"საუბარი იყო საქართველოში მიმდინარე რეფორმების ირგვლივ. ძალიან დიდია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და კონკრეტულად ბატონი კლუგეს ინტერესი საქართველოს გამოცდილებასთან მიმართებაში. ვფიქრობ, რომ ბევრი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინიციატივა შეიძლება იქნას განხორციელებული", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ჰანს კლუგემ საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასა.
"ამ რეფორმაზე მუშაობა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, ახლა ის ეტაპობრივად ინერგება. მოვუწოდებ საქართველოს, განაგრძოს ეს გზა, რომელიც ქვეყანას მოუტანს როგორც ჯანმრთელობის უკეთეს შედეგებს, ისე ფინანსურად უფრო მდგრად ჯანდაცვის სისტემას.
მინისტრმა აღნიშნული რეფორმები ლათინური ამერიკისა და ევროპის რეგიონებს შორის გამართულ მნიშვნელოვან შეხვედრაზე წარადგინა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის მინისტრების მხრიდან, მაღალი შეფასება დაიმსახურა. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პლატფორმის მეშვეობით უკვე აქტიურად უზიარებს საკუთარ გამოცდილებას გლობალურ ჯანდაცვის საზოგადოებას.
მინდა, ასევე, შევაქო მინისტრი სარჯველაძე მისი მუშაობისა და შეუპოვრობისათვის, რათა მედიკამენტები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს მოსახლეობისთვის", - განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორმა ჰანს კლუგემ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს, პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, იშვიათი დაავადებების მედიკამენტების საკითხსა და რეგიონული თანამშრომლობის მიმართულებებს.