07 აგვისტო 2026,   02:24
ვრცლად
ამ ადამიანმა არც თავისი იცის, არც სხვისი ესმის, არათუ ურთიერთობას აფუჭებს გერმანიასთან, შედის სხვა ელჩების კომპეტენციაშიც - შალვა პაპუაშვილი ფიშერზე

"ამ ადამიანმა არც თავისი იცის, არც სხვისი ესმის" - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერთან დაკავშირებით განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დიპლომატი არა მარტო საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობას აზიანებს, არამედ სხვა ელჩების კომპეტენციაშიც იჭრება.

"ევროკავშირის დედაქალაქი ბრიუსელია, ბრიუსელს ჰყავს თავისი და ევროკავშირის თავის ელჩი. ისინი თავად ისაუბრებს იმაზე, თუ რა არის საჭირო ევროკავშირში გასაწევრიანებლად და რა არა. გერმანიის ელჩი იყოს იმ კვადრატში, რომელიც მას გამოყოფილი აქვს, როგორც გერმანიის წარმომადგენელს და ნუ იღებს თავის თავზე, ევროკავშირის სახელით საუბარს.

არათუ ურთიერთობას აფუჭებს გერმანიასთან, შედის სხვა ელჩების კომპეტენციაში, ევროკავშირის ელჩის კომპეტენციაში, თითქოს მისი მეურვეობის ქვეშ იყოს და თავად ვერ იტყოდეს იმას, რისი თქმაც უნდა. არ მგონია, ბატონ ჰერჩინსკის უჭირდეს არტიკულაცია იმის, რაც ევროკავშირის პოლიტიკაა.

ეს კაცი ხან ჩემს წერილს გამოეხმაურა ჰერჩინსკის მიმართ. მას ხომ არ მივწერე, მივწერე ჰერჩინსკის, ჰერჩინსკი თავის პასუხი გასცა, გამოდგა ეს ადამიანი და კიდევ ამის კომენტირება დაიწყო. პრემიერ-მინისტრმა მიწერა ევროკავშირის ხელმძღვანელობას, გამოვიდა ეს ადამიანი და ამის კომენტირება დაიწყო. თუ ბერლინი არის ევროკავშირის დედაქალაქი გაგვაგებინონ, თუ ეს არის დღევანდელი ისტორიული მოცემულობა.

ამ ადამიანმა არც თავისი იცის, არც სხვისი ესმის. თვეების განმავლობაში სხვადასხვა ფორმით ვურჩევდით, რომ ვენის კონვენციის ფარგლებში ყოფილიყო, შეურაცხყოფა არ მიეყენებინა მასპინძელი ხალხისთვის, ხელისუფლებისთვის - ამ ადამიანმა არაფერი გაითვალისწინა.

გაიწვიეს გერმანიაში, გერმანის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მივიღეთ პირობა, რომ ის დაბრუნდებოდა და არ იქნებოდა ის აგრესიული რიტორიკა, რომელსაც მისგან ვიყავით შეჩვეული. სამწუხაროდ, ეს პირობაც დაირღვა. ერთადერთი, რაც გვაიმედებს არის ის, რომ რამდენიმე დღე დარჩა მისი ელჩობა საქართველოში, ამით ეს კარი, ქართულ გერმანულ ურთიერთობაში, იმედია, რომ დაიხურება", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები