07 აგვისტო 2026,   08:21
ვრცლად
"საოჯახო კალათის" პროგრამა და ახალი ელექტრონული სისტემა - ფასდაკლებების მონაცემები კონკურენციის სააგენტოს ახალ პლატფორმაზე განთავსდება

მსხვილი სავაჭრო ქსელების მხრიდან ფასდაკლებული პროდუქტების ჩამონათვალი ერთ ელექტრონულ სივრცეში უახლოეს პერიოდში განთავსდება. ერთიანი საინფორმაციო სისტემა "საოჯახო კალათის" პროგრამას მონიტორინგს გაუწევს. მოქალაქეებს შემცირებული ფასებით პროდუქტების ნახვა სახლიდან გაუსვლელად შეეძლებათ.

ახალი პლატფორმის შექმნა კონკურენციის სააგენტომ დააანონსა. გადაწყვეტილება უწყებამ ფასების შემსწავლელი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო. სააგენტოს თავმჯდომარე ამბობს, რომ სიახლე ბაზარს უფრო გამჭვირვალეს გახდის, სექტორში კი კონკურენცია გაიზრდება.

სიახლე სექტორს გამჭვირვალობის დაცვას რომ გაუმარტივებს, ამის შესახებ "რითეილ ასოციაციაშიც" საუბრობენ. სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მზად არიან, გაიაფებული პროდუქტების შესახებ განახლებულ მონაცემებთან დაკავშირებით კონკურენციის სააგენტოსთან ითანამშრომლონ.

პრემიერის ინიციატივით დაწყებული პროექტის ფარგლებში, ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის დასკვნის შემდეგ, კონკურენციის გასაძლიერებლად მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი ღონისძიებების გეგმა მომზადდა. ერთ-ერთი ახალი გადაწყვეტილებით, მარკეტები ვალდებული იქნებიან, კონკურენციის სააგენტოს ფასების შესახებ განახლებული ინფორმაცია კვირაში ერთხელ მიაწოდონ.

საპარლამენტო დროებითი კომისიის დასკვნის შემდეგ, საშეღავათო სისტემა პრაქტიკაში უკვე დაინერგა. სავაჭრო ქსელებმა კონკრეტული შეთავაზებები განსაზღვრეს. ქსელურ მარკეტებში, სპეციალურად მოწყობილ სტენდებზე, სადაც პირველადი მოხმარების პროდუქტებია განთავსებული, 30-დან 50 პროცენტამდე ფასდაკლება მოქმედებს.

დღის ამბები