07 აგვისტო 2026,   12:58
ვრცლად
ფასდება გამონათქვამის მიმართება ადამიანის ღირსებასთან, ფასდება სად, რა კონტექსტში იქნა ნათქვამი, რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, ფაქტები უნდა განიხილოს სასამართლომ და ინდივიდუალურად იმსჯელოს ყველა შემთხვევაზე - ალექსანდრე დარახველიძე

"კონკრეტული ზღვარი, ზუსტი განმარტება და დეფინიცია სიძულვილის ენის, თავად სტრასბურგის სასამართლოს არ აქვს გაკეთებული", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ გადაცემაში "ღამის კურიერში" განაცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, აქ მთავარი პრინციპი არის ის, რომ გამონათქვამი, პოსტი, მიმი თუ კომენტარი, არ უნდა იყოს ადამიანის ღირსების შემლახველი, ხოლო რა ლახავს ადამიანის ღირსებას და როგორი ტიპის გამონათქვამი, ეს უკვე ინდივიდუალურად იქნება განხილული.

"არაერთი განმარტება არსებობს, რომ თავად გამონათქვამის ავტორს აქვს პასუხისმგებლობა, გაიზიაროს და არ გამოვიდეს იმ გამონათქვამით, რომელიც სხვის ღირსებას შელახავს. ანუ, როდესაც ადამიანი საჯაროდ აფიქსირებს თავის პოზიციას და ეს ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი ხდება, ამ ნაწილში თავად მას აქვს პასუხისმგებლობა.

მეორეს მხრივ, კანონი არსებობს, რომელიც საკმაოდ განჭვრეტადია და ამბობს პირდაპირ - ლანძღვა, გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან სხვა შეურაცხმყოფელი ქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, თუ ეს თანამდებობის პირებს მიემართება, ან კონკრეტულ საჯარო მოხელეებს, ამ შემთხვევაში მათ საქმიანობასთან უნდა იყოს დაკავშირებული, ან კონკრეტული ფუნქციის შესრულებასთან.

თუმცა, კონკრეტულ შემთხვევაში ფასდება თავად ამ გამონათქვამის მიმართება ადამიანის ღირსებასთან, ფასდება სივრცე, სად, რა კონტექსტში იქნა ნათქვამი და რამდენად ლახავს ადამიანის ღირსებას, ეს ფაქტორები ფასდება. რაც მთავარია, მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს ყველაფერი უნდა განიხილოს სასამართლომ და სასამართლომ ინდივიდუალურად ყველა შემთხვევაზე უნდა იმსჯელოს და გადაწყვეტის არის თუ არა აქ გამოხატვის თავისუფლება, თუ ეს უკვე გაცდა იმ ფარგლებს, რაც კანონით არის განსაზღვრული.

შესაბამისად, აქ ერთი კონკრეტული თანამდებობის პირი ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას და არც იქნება სწორი. შესაბამისად, თავად აზრის ავტორს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ მან საკუთარი პოზიცია სასამართლოს წინაშე წარმოადგინოს და დაასაბუთოს, რომ მათი მოსაზრება იყო კონკრეტული გამონათქვამი, აზრის დაფიქსირება და გამოხატვის თავისუფლება. მეორე მხრივ, პოლიცია იქნება ეს თუ სამინისტროს წარმომადგენელი, დაასაბუთებს თუ რატომ შეილახა კონკრეტული ადამიანის ღირსება.

კონკრეტული ზღვარი, ზუსტი განმარტება და დეფინიცია სიძულვილის ენის, თავად სტრასბურგის სასამართლოს არ აქვს გაკეთებული. პრინციპი, რაც დაცული უნდა იყოს არის ის, რომ არ უნდა იყოს ადამიანის ღირსების შემლახველი, მაგრამ რა ლახავს ადამიანის ღირსებას, როგორი ტიპის გამონათქვამი, რა შემთხვევაშია ეს ნათქვამი და ა.შ. ეს უნდა იქნეს ინდივიდუალურად შეფასებული და გაზომილი კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით", - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

დღის ამბები