აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, კუბელი ხალხისათვის ჩაწერილ ვიდეომიმართვაში, შეერთებულ შტატებსა და კუბას შორის ახალი ურთიერთობების დამყარების ინიციატივა გამოთქვა. მან კუბელებს 100 მილიონი დოლარის დახმარება შესთავაზა და ქვეყნის ლიდერები ელექტროენერგიის, საკვებისა და საწვავის დეფიციტში დაადანაშაულა. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.
"აშშ გთავაზობთ დახმარებას არა მხოლოდ მიმდინარე კრიზისის შემსუბუქებაში, არამედ უკეთესი მომავლის მშენებლობაშიც", - განაცხადა რუბიომ სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართვაში კუბის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.
მედიის ცნობით, მოსალოდნელია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია, კუბის ყოფილი პრეზიდენტის, რაულ კასტროს წინააღმდეგ სისხლის სამართლის ბრალდებებს გამოაცხადებს, რაც კარიბის ზღვის კუნძულის კომუნისტური მთავრობის წინააღმდეგ ვაშინგტონის ზეწოლის კამპანიის გაძლიერების ნიშნად იქცევა.
ესპანურ ენაზე ჩაწერილ ვიდეომიმართვაში, რუბიომ ქვეყნის ამჟამინდელი პრობლემები ხელმძღვანელობაში არსებულ სიხარბესა და კორუფციას დააბრალა.
"ელექტროენერგიის, საწვავის და საკვების ნაკლებობის რეალური მიზეზი ის არის, რომ ვინც თქვენს ქვეყანას აკონტროლებს, მილიარდობით დოლარი მოიპარეს, მაგრამ ხალხის დასახმარებლად არაფერი გაუკეთებიათ", - თქვა რუბიომ.
რუბიოს თქმით, აშშ კუბელ ხალხს 100 მილიონ დოლარს სთავაზობს საკვებისა და მედიკამენტებისთვის, მაგრამ ეს თანხა კათოლიკურმა ეკლესიამ ან სხვა სანდო საქველმოქმედო ორგანიზაციებმა უნდა გაანაწილონ.
რუბიოს საპასუხოდ, აშშ-ში კუბის საელჩომ განაცხადა, რომ რუბიომ მოიტყუა და შეერთებული შტატები კუნძულოვან ერს სასტიკად ეპყრობა.