28 ნოემბერი 2026,   23:00
ვრცლად
ჩვენ უნდა გავითავისუფლოთ თავი კომპლექსებისგან, იქით ვასწავლით ყველას, რას ნიშნავს ევროპელობა და ადამიანის უფლებები - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირს ადამიანის უფლებების დარღვევასა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებს.

შალვა პაპუაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება დანიის დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილა და პოლიციის ქმედებას "ბრუტალური" უწოდა.

"ვისურვებდი, რომ სერიოზულად მიუდგნენ ადამიანის უფლებების მდგომარეობას ევროკავშირში ბრიუსელის ჩინოვნიკები. არა მარტო ჩვენ ვხედავთ ამას - აშშ-ის მხრიდანაც მიიღეს კიდევ უფრო მწვავე კრიტიკა. ვხედავთ, რომ დღითი დღე უარესდება ადამიანის უფლებების მდგომარეობა ევროკავშირში, რაც ეხება გამოხატვის თავისუფლებას. კოპენჰაგენი არ არის ცალკეული გამონაკლისი - იგივე სურათები ვიხილეთ ბერლინში, პარიზსა და სხვა დედაქალაქებში მშვიდობიანი მიტინგების დარბევის დროს.

კოპენჰაგენში ეს განსაკუთრებული ბრუტალურობა იყო, რაც ვიხილეთ - როდესაც ხელკეტებითა და ძაღლებით დაარბიეს მშვიდობიანი დემონსტრანტები, მაშინ, როდესაც იქ არავისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდნენ. როგორც ჩანს, დანიის პოლიცია არ აპირებს, რომ გამოიძიოს ეს დარბევა და მნიშვნელოვანია სწორედ ის, რომ გამოძიებული იყოს და დამნაშავეები დაისაჯონ.

ჩვენ უნდა გავითავისუფლოთ თავი იმ კომპლექსებისგან, რომელთა თავსმოხვევასაც წლების განმავლობაში ცდილობდნენ ქართველი ხალხისთვის, თითქოს ჩვენ ვართ რაღაც მეორეხარისხოვანი ერი, ბოლომდე არგანვითარებული ერი, თითქოს დანიამ, გერმანიამ და სხვა ქვეყანამ უნდა გვასწავლოს, როგორია სწორი ცხოვრება, სწორი ევროპელობა და როგორია სწორად ქვეყნის შენება. იქით ვასწავლით ყველას, რას ნიშნავს ევროპელობა და ადამიანის უფლებები," - განაცხადა პაპუაშვილმა.

დღის ამბები