03 აგვისტო 2026,   00:55
ვრცლად
ომალო, ბირკიანი და ჯოყოლო - ანტიტერორისტული სპეცოპერაცია სამ სოფელში და სამი დაკავებული

ომალო, ბირკიანი და ჯოყოლო - მასშტაბური ოპერაცია პანკისის ხეობაში გვიან ღამით დაიწყო. კონტრტერორისტულმა ცენტრმა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამ სოფელში, საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს.

სამივე დაკავებულს ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას ედავებიან. ბრალდებულებს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ძირითადი უფლებები დაკავების დროს გააცნეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში გაერთიანდნენ, მითითებებს იღებდნენ უცხო ქვეყნიდან, ცდილობდნენ ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერი ე.წ. "ჯამაათის" ჩამოყალიბებას, აწყობდნენ კონსპირაციულ შეხვედრებს და ეწეოდნენ ტერორისტული იდეოლოგიის პროპაგანდას.

"კურიერმა" მოიპოვა უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების მუხლით დაკავებული ერთ- ერთი პირის ფოტოები. ექსკლუზიური მასალით დასტურდება ბრალდებულის ყოფნა სირიის ტერიტორიაზე. ფოტოებში, დაკავებული პირი აღბეჭდილია სირიაში, საბრძოლო ტექნიკის ფონზეც.

კონტრტერორისტულ ღონისძიებას წინ უძღოდა არაერთი ფარული საგამოძიებო მოქმედება და ოპერატიული ღონისძიება. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, აღნიშნული ღონისძიებები ჩატარდა, როგორც დაკავებულების ასევე მათთან კავშირში მყოფი პირების მიმართ.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კონტრტერორისტულმა ცენტრმა ცეცხლსასროლი იარაღები, ასაფეთქებელი ნივთიერება, საბრძოლო მასალა, მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები ამოიღო. ამოღებულია ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" დროშაც.

10-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება კონტრტერორისტული ცენტრისა და სპეცოპერაციების დეპარტამენტის მიერ დაკავებულ 2 პირსაც, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 20 აპრილს აიყვანა. გამოძიების ცნობით, ბათუმსა და გარდაბანში დაკავებული, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში გაწევრიანდნენ, დადეს ერთგულების ფიცი ე.წ. ბაიათი და უპირობო მორჩილების მიზნით ვიდეოფაილი ISIS-ის ლიდერებს გაუგზავნეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ქვეყნისა და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს.

დღის ამბები