06 აგვისტო 2026,   13:01
ვრცლად
ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება - მმართველი გუნდის შეფასებით, მძიმე პოლიტიკური წარსულით გაერთიანებულ ძალებს მომავალი არ აქვთ და განხეთქილება ბუნებრივი მოცემულობაა

დიდი ხნის წინ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა განხეთქილება დაიწყო. რუსთავის ციხის პატიმარმა, რომელმაც ყოფილ თანაგუნდელბს ხან მარიოტის ოპოზიცია, ხან კომპასდაკარგულები, ხანაც ტრაექტორია არეულები უწოდა - 2 თვის წინ აგებულ ოპოზიციურ კონსტრუქციას, "ნაციონალური მოძრაობის" აგური საკუთარი სურვილით გამოაცალა. ახლა, როდესაც რვამ, სააკაშვილის ერთ პარტიას ზურგი აქცია, "ნაციონალები" გადაწყვეტილების მიღების პროცესში თანასწორობის პრინციპის დაცვას ითხოვენ.

ძველ "ნაციონალებს" ახლებიდან შეახსენეს, რომ ალიანსში ყველა თანაბარია მხოლოდ მაშინ, თუ ყველა თანაბრად იცავს შეთანხმების პრინციპებს. ეს უკანასკნელი სააკაშვილმა არაერთხელ დაარღვია, ამიტომ გვარამია-მელიას გუნდი პოლიტიკურ ფერისცვალებას ახლა სწორედ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტისგან ელოდება.

არადა ამ გაცხადებით, მათი ლიდერის საჯაროდ ნათქვამს საჯაროდ ემიჯნებიან. ნიკა გვარამიას, რომელმაც ცარიელი კვადრატის შევსების მიზნით, ყოფილი და მოქმედი ნაციონალების ერთობაში გამიჯნული "ლელო" და გახარია მიიპატიჟა, საკუთარი გუნდიდან შეახსენეს, რომ ჯერ ქვეყნიდან გაქცეული ექსპრემიერია პოლიტიკურ რადარებზე მოსაძებნი. ასე ფიქრობენ "ფედერალისტებიც", მათ შორის, "ლელოსთან" დაკავშირებით.

ყოფილი "ნაციონალების" დღის წესრიგი არც "ლელოსთვისაა" მისაღები. ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიასთან ერთად, ოპოზიციურ ველზე პოლიტიკურ მოკავშირეებს არც გაქცეული გახარიას გუნდი ეძებს.

მძიმე პოლიტიკური წარსულით გაერთიანებულ პოლიტიკურ ძალებს მომავალი არ გააჩნიათ - აცხადებენ ხელისუფლებაში და ამბობენ, რომ ოპოზიციაში არსებული განხეთქილება ბუნებრივი მოცემულობაა, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა კოლექტიურ "ნაციონალურ მოძრობას" ან თუნდაც მათ მიღმა დარჩენილ პარტიებს იდეური ერთობა არ გააჩნიათ.

სისუსტე გამოხატეს ბევრჯერ, მათ შორის მაშინაც, როდესაც შეთანხმების დოკუმენტის ხელმოწერისთანავე, ჩერგოლეიშვილ-ცისკარიშვილმა ერთმანეთი სწორედ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.

დღის ამბები