18 ივნისი 2026,   09:00
ვრცლად
ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ახლა არის ყარაბაღისა და აღმოსავლეთ ზანგეზურის აღდგენა - ილჰამ ალიევი

ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ახლა არის ყარაბაღისა და აღმოსავლეთ ზანგეზურის აღდგენა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელ სივრცედ რჩება და ურბანული განვითარების მიმართულებით მუშაობას აგრძელებს. როგორც ილჰამ ალიევი აღნიშნავს, პრიორიტეტად რჩება მოსახლეობისთვის კომფორტული გარემოს შექმნა, მათ შორის - ინფრასტრუქტურისა და დასაქმების შესაძლებლობების განვითარება.

მისი განცხადებით, ყარაბაღისა და აღმოსავლეთ ზანგეზურის ტერიტორიებზე უკვე ათიათასობით ადამიანი ცხოვრობს, მუშაობს და სწავლობს, ხოლო რეგიონების განვითარების ფარგლებში საცხოვრებელ პროექტებთან ერთად ინდუსტრიული ზონებიც იქმნება.

“აზერბაიჯანი მდებარეობს ევროპასა და აზიას შორის და ყოველთვის იყო და არის ადგილი, სადაც აღმოსავლეთი ხვდება დასავლეთს. კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ ჩვენს მტკიცე ერთგულებას ურბანული დაგეგმვის, ურბანული განვითარების და ჩვენი დღის წესრიგის მიმართ, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებას და მოსახლეობის უზრუნველყოფას ყველა საჭირო საშუალებით, რათა თავი კომფორტულად იგრძნონ. ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ახლა არის ყარაბაღისა და აღმოსავლეთ ზანგეზურის აღდგენა.

დღეს უკვე 85 ათასზე მეტი აზერბაიჯანელი ცხოვრობს ყოფილ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ისინი მუშაობენ, ცხოვრობენ და სწავლობენ. დასაქმება ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ამიტომ საცხოვრებლების მშენებლობამდე იქმნება ინდუსტრიული ზონებიც. ჩვენ მზად ვართ ვისწავლოთ ერთმანეთისგან, გავუზიაროთ გამოცდილება და ვილაპარაკოთ შეცდომებზეც”, - აცხადებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.

ბაქოში მსოფლიო ურბანული ფორუმი იმართება. ღონისძიების მონაწილე ლიდერებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და UN-Habitat-ის აღმასრულებელი დირექტორი ანაკლაუდია როსბახი მასპინძლობენ. ფორუმში მონაწილეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

 

დღის ამბები