ახალი ეპოქა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში - სვეტიცხოველში, სადაც საუკუნეების განმავლობაში ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საეკლესიო მოვლენები ვითარდებოდა, საპატრიარქო ტახტზე შიო მესამე აღსაყდრდა. ილია მეორის ნახევარსაუკუნოვანი ეპოქის შემდეგ, საქართველოს ეკლესიას ახალი საჭეთმპყრობელი ჰყავს.
ინტრონიზაცია, რომელსაც მთელი ქვეყანა ადევნებდა თვალს, საუკუნოვანი ტრადიციებით, სიმბოლოებითა და განსაკუთრებული ემოციებით იყო დატვირთული. პატრიარქის ძოწისფერი მანტია, ისტორიული მიტრა, კვერთხი და პირველი საზეიმო წირვა - დღე, რომელმაც საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაშალა.
სვეტიცხოვლის ზარები ნახევარი საუკუნის შემდეგ პირველად, ახალ პატრიარქს ეგებებიან. საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი ეპოქაც სვეტიცხოველში იწყება.
ეს დღე სიმბოლური იყო - ქრისტიანობის პირველი მქადაგებლის, ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს, სვეტიცხოველში პატრიარქად შიო მესამე აღსაყდრდა.
საქართველოს ეკლესიის 142-ე საჭეთმპყრობელი საპატრიარქო ტახტზე სვეტიცხოვლის აღმოსავლეთ ნაწილში, უხუცესმა მღვდელმთავრებმა დასვეს. შიო მესამემ პირველი სადღესასწაულო წირვა ჩაატარა.
ილიას მოსაყდრე შიომ, წმინდა ქალაქში პირველად მოისხა პატრიარქის ძოწისფერი მანტია. პირველად დაიდგა წმინდა ნინოს უნიკალური ჯვრით შემკული მე-16 საუკუნის კუნკულბარტყული, თავსაბურავი, რომელიც უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ 49 წელი ატარა.
სიდიადე და სიმძიმე ერთად - ასე აღწერა ისტორიული დღე საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების შემდეგ აღსაყდრებულმა პირველმა პატრიარქმა.
სვეტიცხოველში ემოციები ერთმანეთს ცვლიდა, შიგნით და გარეთ, მრევლში და ბერში.
ბერძნული შეძახილით ყველა თანხმდება, რომ პატრიარქი ყველა ისტორიული ტიტულის ღირსია.
უწმინდესმა და უნეტარესმა შიო მესამემ, ცერემონიის ბოლოს მილოცვები მიიღო მღვდელმთავრებისგან, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, მრევლისგან...
შიო მესამე გამორჩეული პატრიარქის რჩეული იყო. ილია მეორემ ის მოსაყდრედ ჯერ კიდევ 9 წლის წინ დაასახელა.
ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ, სენაკისა ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, 57 წლის მოსაყდრე შიო მუჯირი, წმინდა სინოდმა პატრიარქობის კანდიდატად 20 ხმით გამოარჩია.
11 მაისს, სამ კანდიდატს შორის მეუფეებმა პატრიარქად ის აირჩიეს, სამების ტაძარში გამართულ მე-14 საეკლესიო კრებაზე.
ასე დასრულა ილია მეორის ნახევარსაუკუნოვანი ეპოქა და დაიწყო ახალი - შიო მესამე, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი - ეს დღე ისტორიას დარჩება.