03 აგვისტო 2026,   12:34
ვრცლად
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე - დღე, რომელიც საქართველოში 2014 წლიდან, პატრიარქ ილია II-ის ინიციატივით აღინიშნება

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე - დღე, რომელიც ყოველწლიურად ათასობით ადამიანს აერთიანებს. დილიდან ტაძრებში გალობა და საეკლესიო ზარების ხმა ისმოდა, ქალაქების ცენტრალურ ქუჩებში კი მოქალაქეები შეიკრიბნენ.

თბილისში 17 მაისის მთავარი ეპიცენტრი ქაშუეთის ტაძარი იყო, საიდანაც სასულიერო პირები და მრევლი სამების საკათედრო ტაძრისკენ გაემართნენ. ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ მსვლელობას ქვეყნის პოლიტიკური ლიდერებიც შეუერთდნენ. ეს დღე საქართველოში 2014 წლიდან, პატრიარქ ილია II-ის ინიციატივით აღინიშნება.

პატარა ქვეყანა, სადაც თავს დიდი ისტორია, უძველესი კულტურა, ტრადიციები და ფასეულობები იყრის. ქვეყანა, რომელიც 17 მაისს სწორედ ამ ღირებულებების პატივისცემის ნიშნად ერთიანდება. თარიღი, ტრადიციად და იმ გზად იქცა, რომელსაც ერი და ბერი 12 წელია ერთად გადის. გალობისა და საზეიმო ზარების ხმამ დღეს მთელი ქვეყანა მოიცვა. დროშებით, ხატებით, ბაირაღებით - ყველა, ვისთვისაც 17 მაისი ოჯახის სიყვარულთან, ეროვნული ღირებულებებისა და ტრადიციების დაცვასთან ასოცირდება, ერთი იდეის გარშემო გაერთიანდა.

პირველად ილია მეორის გარეშე და პირველად ახალი პატრიარქის წინამძღოლობით - დღე, რომელიც ღვაწლმოსილი პატრიარქის საქმეების გაგრძელებისა და ერში მისი ცოცხალი ხსოვნის დემონსტრირების სახედ კიდევ ერთხელ იქცა: 10 ქალაქი, დილის 10 საათი, შეკრება და მზადება ტრადიციული მსვლელობისთვის.

თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, ბათუმი, ახალციხე, ზუგდიდი, თელავი, მცხეთა და ოზურგეთი - საზეიმო მსვლელობა ქვეყნის ყველა რეგიონში მოეწყო.

ბავშვები, ახალგაზრდები, მოხუცები, სასულიერო პირები - დედაქალაქის მთავარ გამზირზე ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად, მოქალაქეებმა შეკრება დილიდან დაიწყეს.

საზეიმო ზარების ხმა დილიდან ისმოდა სამების საპატრიარქო ტაძრიდან, სადაც პირველი საპატრიარქო წირვა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო მესამემ აღავლენა. ღვთისმსახურებას, მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საზეიმო წირვაზე დილიდან მივიდნენ პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

სამების ტაძრამდე გზა, ქვეყნის მთავარ გამზირზე შეკრებილებმა, ტრადიციულად წელსაც, მსვლელობით გაიარეს.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს შეუერთდნენ დედაქალაქის მერი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

საყოველთაო მსვლელობაში ჩაერთდნენ "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებიც. ოჯახის სიწმინდის დღე მოსახლეობას, ცოტნე ივანიშვილმა მიულოცა.

ქაშუეთის ეკლესიიდან სამების საკათედრო ტაძრამდე გზა ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან ერად გაიარეს.

მსვლელობა თავისუფლების მოედნიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით გაგრძელდა.

12 წლიანი ტრადიციის მონაწილეები ამბობენ, რომ 17 მაისი გამორჩეული დღესასწაული და საქართველოსთვის პატრიარქ ილია მეორის განსაკუთრებული სახსოვარია.

და ასე, ყველას გზა სამების საპატრიარქო ტაძრამდე მივიდა. ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს შეკრებილები, პატრიარქმა შიო მესამემ დალოცა. საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ კი მრევლმა, უწმინდესისა და უნეტარესის ქადაგებაც მოისმინა.

შიო მესამემ ილია მეორის ღვაწლის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ დღევანდელი დღის აღნიშვნით ცოცხლობს მისი დიდი სულიერი მემკვიდრეობა. პატრიარქმა მრევლს თანადგომისა და სიყვარულისთვის მადლობა გადაუხადა.

სამების ტაძრში შეკრებილებს პრეზიდენტმა, პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართეს. ქვეყნის პირველმა პირებმა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ითქვა, რომ ხელისუფლება ქრისტიანობას, მართლმადიდებლობას და ყველა იმ ფასეულობას, რომელიც ქართველი ერის არსსა და შინაარსს ქმნის მტკიცედ დაიცავს.

საზეიმო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, სამების საკათედრო ტაძრის ეზოში, უწმინდესმა და უნეტარესმა, თანამწირველ მღვდელმსახურებთან ერთად დოქსოლოგია - ღვთის დიდება აღავლინა.

17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ 2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ დაამკვიდრა. ამ დღის მთავარი იდეა ქრისტიანულ ფასეულობებზე დაფუძნებული ტრადიციული ოჯახური ღირებულებების, მშობლების პატივისცემისა და ოჯახური სიმტკიცის დაცვაა.

დღის ამბები