03 აგვისტო 2026,   23:19
ვრცლად
კიდევ ერთხელ გილოცავთ ღირსეულ არჩევას - იერუსალიმის პატრიარქის მისალოცი წერილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შიო მესამეს

"წმინდა ქალაქ იერუსალიმიდან და წმინდა სიონიდან, ყველა ეკლესიის დედა-ეკლესიიდან მოვისწრაფვით, რათა გულწრფელად მოგილოცოთ და შევევედროთ მკვდრეთით აღმდგარ უფალს, რომ მოგმადლოთ განათლებული, დიდებული და დღეგრძელი პირველიერარქის მსახურება, რომელიც თანამედროვე სამყაროში მართლმადიდებლურ რწმენას მოწმობს", - ამ სიტყვებით მიულოცა იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე მესამემ თავის გზავნილში, შიო მესამეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევა. 

"უწმინდესო და უნეტარესო, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსო და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქო, ქრისტე ღმერთის მიერ ფრიად საყვარელო ძმაო და თანამწირველო შიო.

თქვენს პატივცემულ უნეტარესობას უფლისმიერი ძმური ამბორით მივეგებებით და უდიდესი სიხარულით მივესალმებით. ჩვენი, ამ საპატრიარქო და ძმური წერილის მეშვეობით, უდიდესი, უფლისმიერი სიხარულით მივესალმებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირველ სამღვდელმთავრო საყდარზე ნეტარხსენებული პატრიარქის, უფალ ილიას მემკვიდრედ, თქვენს სახელოვან უნეტარესობის აღსაყდრებას.

და ჩვენც, წმინდა ქალაქ იერუსალიმიდან და წმინდა სიონიდან, ყველა ეკლესიის დედა-ეკლესიიდან მოვისწრაფვით, რათა გულწრფელად მოგილოცოთ და შევევედროთ მკვდრეთით აღმდგარ უფალს, რომ მოგმადლოთ განათლებული, დიდებული და დღეგრძელი პირველიერარქის მსახურება, რომელიც თანამედროვე სამყაროში მართლმადიდებლურ რწმენას მოწმობს.

ვევედრებით ეკლესიის ღვთაებრივ აღმშენებელს, რომ ჩვენი ღმერთშემოსილი მამების მიერ მართლმადიდებლური სარწმუნოების დასაცავად და შესანარჩუნებლად თქვენს უნეტარესობას ზეგარდამო ძალა მიანიჭოს, რაითა ერთობითა, ერთითა პირითა ვადიდებდეთ ღმერთსა და მამასა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა.

ამასთანავე, კიდევ ერთხელ გილოცავთ ღირსეულ არჩევას და წმინდა და ცხოვრების მომნიჭებელი საფლავიდან ძმური, წმინდა ამბორის ამბორებით, წმინდა ქალაქი იერუსალიმი", - აღნიშნულია იერუსალიმის პატრიარქ თეოფილე მესამის მისალოც წერილში, რომელიც დღეს სამების ტაძარში წაიკითხეს.

დღის ამბები