ეკონომიკური განვითარების მაღალი დონე, სანდო ფისკალური პოლიტიკა, ზომიერი საგარეო ვალი და მდგრადი საბანკო სექტორი - სწორედ ეს ფაქტორები ამყარებს საქართველოს სარეიტინგო პოზიციას. სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB დონეზე დატოვა და ქვეყნის ეკონომიკის სტაბილური პერსპექტივა დაადასტურა.
Fitch-ის რეიტინგის მიხედვით, ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტი ფისკალური ზღვრის - 3 პროცენტის ქვემოთ ნარჩუნდება. მთავრობის ვალი კი მშპ-ის 35%-ზე ნაკლებია. ეს მნიშვნელოვნად დაბალი მაჩვენებელია იმავე რეიტინგის მქონე ქვეყნების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით.
სარეიტინგო სააგენტომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც გააუმჯობესა. რეიტინგის ბოლო განახლებისას Fitch-ი საქართველოში 2026 წელს 5.3%-იან ზრდას პროგნოზირებდა. 15 მაისის განახლების თანახმად, პროგნოზი ზრდის მიმართულებით გადაიხედა და 6.5%-მდე გაუმჯობესდა.
Fitch-ის ახალ რეიტინგში ნათქვამია, რომ აპრილში ინფლაციის შედარებით მაღალ მაჩვენებელზე გავლენა ენერგომატარებლების ფასების მკვეთრმა ზრდამ იქონია. ამ მოცემულობის მიუხედავად, სარეიტინგო სააგენტოს პროგნოზით, ინფლაცია შემდგომ პერიოდში ეტაპობრივად შემცირდება და 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს მიუახლოვდება.
სარეიტინგო სააგენტო საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვების მზარდ მოცულობაზეც საუბრობს. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2026 წლის აპრილში რეზერვები 6.5 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ბოლო თვეების განმავლობაში ლარის გამყარებამ ეროვნულ ბანკს უცხოური ვალუტის შესყიდვის შესაძლებლობა მისცა. მმართველი გუნდის წარმომადგენლები მაღალ გეოპოლიტიკურ და გლობალურ რისკებზე ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ ამ ფონზე ქვეყანაში ძლიერი ეკონომიკური ზრდა მთავრობის გონივრული პოლიტიკის შედეგია.
Fitch-ი საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ მორიგ ანგარიშს 30 ოქტომბერს გამოაქვეყნებს.