მთავრობა ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულირებისთვის ცვლილებათა პაკეტს ამზადებს. დაგეგმილი სიახლეები, მთავრობის მეთაურმა ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს გააცნო.
ცვლილებები იგეგმება, როგორც მთავრობის დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტში, ასევე, "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" კანონშიც. გაიზრდება ზედნადები და გაუთვალისწინებელი ხარჯების ლიმიტი. განახლდება სამშენებლო მასალების ფასებიც. სახელმწიფოს მიერ გამოყენებული ფასები ბაზართან შესაბამისობაში მოვა და ხარჯთაღრიცხვები აღარ დაეფუძნება მოძველებულ მონაცემებს. დაინერგება ინდექსაციის მექანიზმი. თუ ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობისას მნიშვნელოვნად გაიზრდება ფასები, ხელშეკრულების ღირებულება მოერგება ამ ცვლილებებს. ეს კი, პროექტის გაჩერების რისკებს შეამცირებს.
ახალი რეგულაციებით, ამოქმედდება ტენდერებში არარეალისტურად დაბალი ფასის პრევენციის მექანიზმიც. სახელმწიფო ამკაცრებს მიდგომას იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ტენდერის საწყის ღირებულებაზე 20 პროცენტით ან მეტით დაბალ ფასს აფიქსირებს.
გამკაცრდება მიდგომა ფინანსურ და კორუფციულ დანაშაულებთან მიმართებით. კომპანიები, რომლებიც დაკავშირებული არიან ნასამართლევ პირებთან, შესაძლოა სახელმწიფო ტენდერებიდან მოიხსნან. გამკაცრდება "შავი სიის" მექანიზმიც. გაფართოვდება იმ პირთა წრე, რომლებზეც სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისა და ხელშეკრულების გაფორმების შეზღუდვა გავრცელდება.
აღმასრულებელ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ახალი რეგულაციებით, სახელმწიფო ერთი მხრივ, ცდილობს ხელი შეუწყოს სამშენებლო სექტორის გაჯანსაღებასა და გაძლიერებას, ხოლო მეორე მხრივ, დაიცვას საჯარო ინტერესი, ბიუჯეტის ეფექტიანი ხარჯვა და პროექტების ხარისხიანი შესრულება.
რეფორმა, გრძელვადიან პერსპექტივაში, მნიშვნელოვნად შეამცირებს შეჩერებული და პრობლემური პროექტების რისკს, გაზრდის ჯანსაღ კონკურენციას და შექმნის უფრო ძლიერ და პროფესიულ სამშენებლო სექტორს.