საქართველოს პარლამენტის წევრების იტალიაში ვიზიტი გრძელდება. ნიკოლოზ სამხარაძე და თორნიკე ჭეიშვილი ვატიკანის სახელმწიფო მდივანს შეხვდნენ. განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და ევროინტეგრაციის საკითხები.
დღესვე შედგა ქართული საპარლამენტო დელეგაციის აუდიენცია რომის პაპ ლეო მეთოთხმეტესთან.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ ძირითადი საკითხები, რასაც საუბარი შეეხო, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია იყო.
"მიმოვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი საკითხებისა, თუმცა ძირითადი საკითხები, რაზეც ვილაპარაკეთ, ეს იყო საქართველოს ევროპული ინტეგრაცია. კარდინალი დაინტერესდა იმ პრობლემატიკით, რომელიც არის შექმნილი ამ ურთიერთობებში. ასევე, ვილაპარაკეთ ოკუპაციის საკითხებზე, მათ შორის აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე. გვქონდა საუბარი საქართველოს სამშვიდობო როლზე სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარებაში და ზოგადად, საქართველოს სამშვიდობო როლზე რეგიონში." - აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.